საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პარტიამ ცესკო-ს მიმართა, მათ შორის მათაც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს.

დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია “ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.

ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“.

შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა „ევროპულმა საქართველომაც“.

ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიმართული აქვს „ქართულ ოცნებასაც“.

დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, კანონით თანახმად, ახლა ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე ექნებათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14 პარტიას აქვს. ამ დროის მონაცემებით, ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

banner
წინა სტატიაშიარგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
შემდეგი სტატიანინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს