საბერძნეთში, საჰაერო შოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკული ინციდენტი ტანაგრას საჰაერო ძალების ბაზაზე, ათენიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 მილის დაშორებით მოხდა.
მედიის ცნობით, ორადგილიანი Phantom F4-ის ტიპის თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე ფრენისას მანევრს ასრულებდა, რა დროსაც კატასტროფა განიცადა და ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა ორივე მფრინავის ცხედარი სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას იპოვეს.
ღონისძიებას, სადაც ტრაგედია მოხდა, ათასობით მაყურებელი ესწრებოდა. ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიცა ევაკუაციის ბრძანება. არსებული ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას შორის დაშავებულები არ არიან.
მომხდარ ტრაგედიას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა:
„ჩვენ დამწუხრებული ვართ და ჩვენი ფიქრები ორი დაღუპული პილოტის ოჯახებთანაა. ეს არის შეხსენება იმ ყოველდღიური საფრთხისა, რომელსაც ბერძენი მფრინავები აწყდებიან, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში რჩებიან საბერძნეთის ცის დასაცავად“, — განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.


















