საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დარწმუნებულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით აირჩევენ.
კითხვაზე, როგორი მოლოდინი აქვს, ვინ იქნება ევროკომისიის პრეზიდენტი, კირიაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა: „ეს იქნება ქალბატონი ფონ დერ ლაიენი“.
საბერძნეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ წამყვანი მომლაპარაკებლები იქნებიან ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, ვინ იქნებიან ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის მომავალი ლიდერები, ასევე საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი.
ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა, სურს, მეორე ვადით გააგრძელოს ევროკომისიის ხელმძღვანელობა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროპარლამენტში, თანამოაზრეებთან ერთად, ლიბერალური უმრავლესობის ფორმირებას შეეცდება.