საბერძნეთის ეკლესია კორონავირუსის გამო საგანგებო ზომებს იღებს

დღეს, 16:00 საათზე, გაიმართა საბერძნეთის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის გაფართოებული სხდომა. სხდომა მთლიანად კორონავირუსის თემას და მისი პრევენციისათვის გასატარებელ ზომებს დაეთმო. სხდომას, გარდა ძირითადი წევრებისა, ესწრებდნენ ატიკის რეგიონის მიტროპოლიტები (სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა ყველაზე მეტი რიცხვია) და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ინფექციოლოგი სოტირიოს ციოდრასი. ამ უკანასკნელმა მღვდელმთავრებს მოახსენა შექმნილი მდგომარეობის სირთულე და ურჩია, თუ უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიეღო ეკლესიას, ამის შემდეგ მან დატოვა სხდომა.

წმინდა სინოდმა არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მოთხოვნა ტაძრების დაკეტვასთან დაკავშირებით. მღვდელმთავართა აზრით, თუ ამგვარი რამ იქნება საჭირო, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და არა ეკლესიამ. ეკლესია ვერ დაკეტავს თავის ტაძრებს. ეს შექმნის ცუდ პრეცენდენტს და მომავალში არავინ იცის, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს პრეცენდენტი.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

1) წმინდა ტაძრები ღია იქნება პირადი ლოცვებისთვის.

2) მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით კი მოხუცებსა და ჯანმრთელობის მხრივ ადვილად მოწყვლად ჯგუფებში შემავალ ადამიანებს, დარჩნენ თავიანთ სახლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ახლო კავშირი სხვა ადამიანებთან. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს, და უნდა გაფრთხილდეს, რომ არ გადასდოს ის თავის მოყვასს.

საღვთო ლიტურგიები 22 მარტიდან ლაზარეს შაბათამდე აღსრულდება მხოლოდ კვირაობით და ხარების დღესასწაულზე, ჩვეულებისამებრ დილის 07:00 – 08:00 საათებში.

3) სხვა ყველა საზოგადო ღვთისმმსახურების აღსრულება დროებით შეჩერდება. გადაიდება ამ პერიოდში წინასწარ დაგეგმილი ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოებების აღსრულებაც. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზემოთხსენებული საიდუმლოებანი აღესრულებიან მხოლოდ მშობლების, ნათლიისა და მეჯვარეების თანდასწრებით.

4) წესის აგებები გაიმართება ტაძარში, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან. ასევე, მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან პანაშვიდებსაც, რომლებიც საფლავებზე უნდა გაიმართოს.

5) წმინდა მონასტრებში ყველაფერი შესრულდება ჩვეულებისამებრ, ტიპიკონის მიხედვით, მაგრამ ამ მსახურებებს მხოლოდ მონასტრის საძმოს წევრები დაესწრებიან, მომლოცველები არ დაიშვებიან.

6) წმინდა სინოდი იზიარებს ყველა ზომას, რომელიც სახელმწიფომ გაატარა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცლებლად.

7) ყველას ურჩევს სიმშვიდეს, თავშეკავებას, და ნდობას სახელმწიფოს შესაბამიდი უწყებების მიმართ. გასცემს რჩევას, რომ არავინ აყვეს პანკას და და არ შეიქმნას დაუცველობის შეგრძნება.

8. აფასებს სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის მიმართ გამოხატულ პატივისცემას და აღნიშნავს, რომ თუ უახლოეს მომავალში საჭირო გახდება უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება, კვლავაც შეიკრიბება ამ საკითხის განსახილველად.

ყველა ქრისტიანს მოუწოდებს, რომ ყოველ საღამოს, 22:00–იდან 22:15–მდე ერთად ილოცონ საკუთარ სახლებში ამ განსაცდელისაგან და სენისგან გასათავისუფლებლად, და ექიმების, მედიკოსებისა და მეცნიერ–მკვლევარების შესაწევნელად. (მათ მიმართ წმინდა სინოდი დიდ მადლიერებას გამოხატავს და აკურთხებს მათ).

თარგმანი – თორნიკე მამნიაშვილი

banner
წინა სტატიაშიბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი მამაკაცი მოათავსეს
შემდეგი სტატიაგიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს