ქალბატონო პრეზიდენტო, ვინ ხართ თქვენ? – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერი, 83 წლის ავთანდილ იმნაძე მეხუთე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს.
“როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, ჰკითხეთ თქვენ თავს, ვინ ხართ ასეთ შემთხვევაში თქვენ?…”- ვკითხულობთ ვრცელ წერილში.
საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი აღნიშნავს, რომ “ვივა-მედის” ციხეში მიხეილ სააკაშვილს კლავენ ნელი სიკვდილით.
ქალბატონო პრეზიდენტო! –
მოგმართავთ საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, წარსულში დისიდენტი, საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი. საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერი…
მინდა, მოგიყვეთ ორი ამბავი. ასეთ ამბავს გენიოსი მწერალი, დოსტოევსკი თავის ერთ-ერთ რომანში “ანეკდოტს” უწოდებს.
მაშ ასე, “ანეკდოტი” პირველი – შეთხზული, გამოგონილი ამ ანეკდოტის მთავარი პერსონაჟი ვარ მე, ავთო იმნაძე, მაგრამ არა დღევანდელი, 83 წლის მოხუცი, არამედ 28 წლის ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე სპორტსმენი, მოცურავე, წყალბურთელი.
ვზივარ ადიდებული მტკვრის პირას, მცხეთასთან ახლოს, არმაზის მიდამოებთან და შევცქერი ვეებერთელა ტალღებს. მოულოდნელად ვხედავ, მტკვარს მოჰყავს კაცი, რომელიც განწირული ხმით შველას ითხოვს. ვაკვირდები და შევიცნობ კაცს, რომელმაც 12 თუ 15 წლის წინათ მწარედ მაწყენინა და დღემდე არ გამნელებია ეს წყენა. გავხედავ მიდამოს, ახლო-მახლო ადამიანის ჭაჭანება არ არის. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც განწირული კაცის გადარჩენა ძალუძს ვარ მე, მაგრამ…
თვალს ვაყოლებ განწირულ კაცს, ვდგები, მივდივარ იქვე მახლობლად გაჩერებულ მანქანასთან, ვჯდები მანქანაში და… ვაგრძელებ გზას.
ვსვამ კითხვას: ვინ ვარ ასეთ შემთხვევაში მე? პასუხს არ გთხოვთ, კითხვა რიტორიკულია.
“ანეკდოტი” მეორე – რეალური, ნამდვილი.
ამ ანეკდოტის მთავარი პერსონაჟი ხართ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო.
ქალაქ თბილისში, “ვივა-მედის” ციხეში ზის კაცი, რომელსაც კლავენ ნელი სიკვდილით. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ამ შემთხვევაში, არ აქვს ამას მნიშვნელობა, თუმცა ეს ყველამ იცის.
ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თქვენ ვერ იტანთ ამ კაცს, თუმცა… მთელს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ სიცოცხლის გადარჩენა ძალუძს, ხართ თქვენ ქალბატონო პრეზიდენტო, მაგრამ…
ვსვამ კითხვას: ვინ ხართ ასეთ შემთხვევაში თქვენ?… პასუხს არ გთხოვთ… გთხოვთ მხოლოდ იმას, რომ როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, ჰკითხეთ თქვენ თავს, ვინ ხართ ასეთ შემთხვევაში თქვენ?… ” წერს ავთანდილ იმნაძე.