საბავშვო სავარძლების გამოყენებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანის დროს, სპეციალური სავარძლის გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

აღნიშნულს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ეკა ბესელიას განცხადებით, თავდაპირველად აღნიშნული ვალდებულება კერძო ავტომობილებზე გავრცელდება.

„ბავშვების სიცოცხლისა და მათი ჯანმრთელობის დასაცავად, მათი ავტომანქანებით გადაყვანის დროს ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია.12 წლამდე პატარებისთვის არის სპეციალური სავარძლები, ცოტა უფრო დიდებისთვის კი ასამაღლებელი ბალიშები, კიდევ უფრო დიდებისთვის სპეციალური ქამრები, ანუ ღვედები, რომლითაც 42-43 პროცენტით მეტადაა დაცული მათი უსაფრთხოება ავარიების დროს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. შემდეგში ვიმსჯელებთ, რა დამატებითი ღონისძიებებით შეიძლება მიეხმაროს სახელმწიფო, რომ ამ პროცესის სტიმულირება მოხდეს. საბავშვო სავარძლების ღირებულება 40 ლარიდან იწყება და ის მრავალჯერადი გამოყენებისაა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, განიხილება საკითხი, რომ მოხდეს იმ ოჯახების მხარდაჭერა, რომლებსაც საბავშვო სავარძლის შეძენის საშუალება არ ექნებათ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ ცვლილებების მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას, გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვის სიმაღლესა და წონას შეესაბამება.

ამასთან, კანონში ჩნდება მითითება, რომ აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ქარხანა- დამამზადებლის მიერ განსაზღვრული კონსტრუქცია ამას არ ითვალისწინებს, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

banner
წინა სტატიაშისოხუმის უღელტეხილზე დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის მასივი იწვის
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: რუსეთში ვიზიტის წინ ყოველთვის ვხვდებოდი პატრიარქს