საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 წლისთვის 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა

თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა.

“ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა მუშაობს უხარვეზოდ, რიგითობის პრინციპით. მოქალაქეები, რომელმაც შეავსეს სარეგისტრაციო ბლანკი და დააჭირეს ღილაკს „შემდეგი“, დგანან ვირტუალურ რიგში, სადაც თავდაპირველად რეგისტრირდება ის პირი, რომელმაც სხვაზე უფრო სწრაფად განახორციელა ეს პროცედურა. სწორედ ამას უკავშირდება სისტემის პასუხი „გთხოვთ, დაელოდოთ“. აღნიშნული პასუხის პირობებში, პროგრამას შეუძლია დაარეგისტრიროს იმდენი მოქალაქე, რამდენი ვაკანტური ადგილიც არის კონკრეტული ბაღის კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში.

სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ტექნიკური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ არ შეევსოთ სარეგისტრაციო ბლანკი და რეგისტრაციის დაწყებამდე გადაეტვირთათ.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ სარეგისტრაციო ბლანკის ქვემოთ მოცემულ აპლიკაციაში, ბავშვის პირადი ნომრის მითითებით.

მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ბავშვის ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ, მიმართონ მათთვის სასურველ ბაღს და დატოვონ განცხადება სარეზერვო სიაში ჩასმის თაობაზე, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარე აბაშამ 18 წლის ბიჭის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს