“ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული, პატიმარ საბა სხვიტარიძის დედას, შვილის დაკავების შემდეგ განვითარებული მოვლენები გაახსენა.
ელენე ახობაძე ამბობს, რომ სწორედ ასე აწამეს საბა სხვიტარიძე პოლიციის განყოფილებაში, რაზეც პატიმარმა არაერთხელ მიუთითა და სასამართლოებზე ხმამაღლაც ისაუბრა.
,,მარტო ჩემს კარზე არ აკაკუნებს პოლიცია, ეს თქვენც შეგეხებათ” – ამბობს საბა ტვ პირველთან სხვიტარიძის დედა.
,,არ არის მარტო ჩემზე, რომ ჩემი შვილი აწამეს, ჩემი შვილი გამოკეტეს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში. ეს პრობლემა გახდება ყველასი, მარტო ჩემს კარზე არ აკაკუნებს პოლიცია, მარტო ჩემს კარზე სამინისტრო არ მოდის და მარტო მე არ მებრძვის რეჟიმი. რეჟიმი ებრძვის სრულიად საქართველოს”, – ამბობს ელენე ახობაძე.
დღეს ციხიდან წერილი გაავრცელა საბა სხვიტარიძემაც:
“მელაძის შაბათის” ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ.”
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “შაბათის ეთერის” ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.















