საბა მეტრეველი : ცხოვრებაც დიდი თამაშია

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის თანადგომით ახლახან დაიბეჭდა ფილოლოგიის დოქტორის საბა მეტრეველის წიგნითამაშის ხელოვნება“, რომელიც ეძღვნება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ხელოვნების ამაგდარის – ნათელა ურუშაძის ხსოვნას!

ნაშრომი მოიცავს თეატრის ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის პრობლემებს. მასში მეცნიერულადაა შესწავლილი და გამოკვლეული ქართული თეატრის ისტორიის კარდინალური საკითხები; საუბარია მსახიობის პროფესიის, როგორც უნივერსალური თამაშის ხელოვნების, უმთავრესი თავისებურებანის შესახებ; წარმოდგენილია თანამედროვე სათეატრო კრიტიკის კრიზისის განმაპირობებელი ფაქტორები, განსაზღვრულია კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები. წერილები და რეცენზიები ეხება მიმდინარე თეატრალურ პროცესებს. ნაშრომი სხვადასხვა რაკურსით წარმოგვიდგენს ქართული თეატრალური ხელოვნების როგორც კორიფეების, ისე თანამედროვე მსახი­ობთა ცხოვრებისა და შემოქმედების ასპექტებს, მათს პიროვნულსა და სცენურ სილუეტებს.
წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისა და ქართული თეატრით დაინტერესებულ მკითხველთათვის.

გთავაზობთ წიგნის ავტორთან ინტერვიუს

15086234_1820904664861199_124716718_n

  • ბატონო საბა, ეს თქვენი მეცხრე წიგნია. ამჯერად რატომ „თამაშის ხელოვნება“? რას ვთამაშობთ და ვისი რეჟისურით!

 

  • ცხოვრება დიდი თამაშია, შესაძლებელია ითქვას, რომ – ბედისწერის თეატრში თამაში. ზოგადად, „თამაში“ რთული ფსიქოლოგიურ-ესთეტიკური კატეგორიაა, ამჯერად ჩვენ ვეხებით მხოლოდ თეატრალურ ხელოვნებას, სათეატრო თამაშებს. არც ის არის შემთხვევითი, რომ ქართულ ენაში გვაქვს ამ ხელოვნების არსის გამომხატველი „სახლი სათამაშოი“. შემოქმედება, ანუ ახლის ქმნადობა, თამაშის რთულ სისტემაში ჩართული პროცესია, მსახიობიც ყველაზე დიდი პროფესიული მოთამაშეა ხელოვნებაში. ჩვენს წიგნში საუბარია თამაშის, გარდასახვის ხელოვნებაზე, როგორც ესთეტიკურ კატეგორიაზე, თამაშის სტიქიაზე. პლატონიდან მოყოლებული ასე ესმოდათ: ადამიანი მაშინ ეზიარება უმაღლეს ბედნიერებას, როცა ცხოვრებას ერთ დიდ თამაშად აქცევსო.

 

  • აქცია თანამედროვე თეატრმა ცხოვრება დიდ თამაშად?

 

  • ეს ყველა დროის თეატრის ერთი უმთავრესი ამოცანაა. მიმდინარე თეატრალური პროცესები საკმაოდ ჭრელია და, მსოფლიო კულტურული დეკადანსის ფონზე, ჩვენი თეატრი მაინც ცდილობს იაროს ცხოვრების კვალდაკვალ და ზოგჯერ მაინც გაუსწროს მას, დაგვეხმაროს უღიმღამო ყოფითობის დაძლევაში, დაუბრუნოს ადამიანებს რწმენა და სიყვარული, აზიაროს ისინი უმაღლეს ფასეულობებს, ესთეტიკის საუფლოში ატაროს საუკუნის ხმაურში დანთქმული და დაღლილი სული თანამედროვე ადამიანისა. ჩვენს წიგნში დაბეჭდილი წერილები და რეცენზიები ეხება თანამედროვე ქართული თეატრის სპექტაკლებს.

 

 

  • როგორია წიგნის შინაარსი, რა მთავარი აქცენტებია დასმული მასში?

 

  • შესწავლილი და გამოკვლეული გვაქვს ქართული თეატრის ისტორიის საკითხები: პირველად ქვეყნდება ნიკოლოზ (ნიკო) ავალიშვილის ხელნაწერი რვეულიდან გამოკრებილი „ქართული თეატრის დაფუძნებაზედ შრომა“, რომელსაც დართული აქვს ვრცელი გამოკვლევა „ნიკო ავალიშვილის ღვაწლი“; შეფასებულია ილიას დამსახურება ქართული თეატრის წინაშე; შესწავლილია აკაკი წერეთლის თეატრალური ესთეტიკა; ასევე, პირველად იბეჭდება ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის დაარსების და საქმიანობის ისტორია. მკითხველი აქ გაეცნობა აკაკი დვალიშვილის თითქმის უცნობ წერილს კინომსახიობთა თეატრის დაარსების შესახებ. როგორც უკვე ვთქვით, წიგნში საუბარია მსახიობის პროფესიის, როგორც უნივერსალური თამაშის ხელოვნების, უმთავრესი თავისებურებანის შესახებ; წარმოდგენილია თანამედროვე სათეატრო კრიტიკის კრიზისის განმაპირობებელი ფაქტორები. თეატრალური ხელოვნებისა და, ზოგადად, კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება წიგნში გაანალიზებული მიმდინარე თეატრალური პროცესები.

 

  • წიგნში ცალკე თავი ეთმობა ხელოვანთა პორტრეტებსა და სილუეტებს, კერძოდ, ვინ არიან ისინი, ვისზე შეაჩერეთ ყურადღება?

 

  • დიდი წერილი ეძღვნება ვერიკო ანჯაფარიძის ფენომენს, ამასთანავე, ვსაუბრობთ ქართული თეტარის კორიფეების შესახებ, მათ შორის: უბრალოების არისტოკრატიზმი _ სესილია თაყაიშვილი; უძირო სევდით სავსე თვალები _ მედეა ჯაფარიძე; მისი ცხოვრების შემოდგომა _ ზინაიდა კვერენჩხილაძე; ედიშერ მაღალაშვილის ქართული ხიბლი; დოდო ჭიჭინაძის მონოლოგი; მსახიობის თეატრის მოტრფიალე რეჟისორი _ აკაკი დვალიშვილი; სიცოცხლის მშვენიერი სახეობა _ ნათელა ურუშაძე; ჯიხვის ცრემლიანი თვალები და რამაზ ჩხიკვაძე; ტალანტი სიყვარულისა _ მედეა ჩახავა; `გამქრალი ცივილიზაციის მსახიობი~ _ სოფიკო ჭიაურელი. დიდი წილი ამ წერილებისა ეფუძნება სხვადასხვა დროს ჩემ მიერ მათთან ჩაწერილ ინტერვიუებს, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებს! თანამედროვე მსახიობთაგან მკითხველი გაეცნობა წერილებს: სცენის კოლორიტი _ ნინიკო ჩხეიძე; ცხოვრება განცდითა და გარდასახვით _ ლამზირა ჩხეიძე; ქართული სამსახიობო ოსტატობის „ბრენდი“ _ ზურაბ ყიფშიძე და სცენის დღესასწაული _ ნინელი ჭანკვეტაძე.

 

  • განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ბოლო თავში წარმოდგენილია საუბრები

 

  • დიახ, აქ არის თავმოყრილი ჩვენი დიალოგები ლილი იოსელიანთან _ `ცხოვრება ჯოჯოხეთია~; რობერტ სტურუასთან _ `თეატრი, პოეზიის ერთი დარგი~ და თემურ ჩხეიძესთან _ `თეატრში ჩემი მოსვლა ლიტერატურამ განაპირობა~. ბოლო ორი ინტერვიუ თავის დროზე დაიბეჭდა ჟურნალ „კრიტიკაში“, ხოლო ლილი იოსელიანთან საუბარი ქვეყნდება პირველად.

 

  • მხოლოდ სათაურებიდანაც აშკარად ჩანს, რომ წიგნში წარმოდგენილ საკითხთა ფართო სპექტრი, ახალი ინფორმაციით გაჯერებული, სადისკუსიოდ შექმნის ბაზას  მსახიობის ხელოვნების არსზე, სათეატრო კრიტიკის რაობაზე, ფუქნციებსა და დანიშნულებაზე ჩვენს თანამედროვეობაში და თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისათვის, ისე  –  სტუდენტებისთვისაც.

 

  • სამწუხაროდ, წიგნი გამოდის ძალიან მცირე ტირაჟით და არ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუმცა ის აუცილებლად განთავსდება პარლამენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება მისი ელექტრონული ვერსიაც.

 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ წიგნის გამოცემა. დიდი მადლობა ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდს, განსაკუთრებით – გიორგი სავანელსა და გიორგი იარაჯულს თანადგომისათვის, ტექნიკური საკითხების ასე ოპერატიულად გადაწყვეტისათვის და მადლობა წიგნის რედაქტორს, ქალბატონ გულიკო კაკაბაძეს საქმის მიმართ მამულიშვილური დამოკიდებულებისათვის!

 

 

ესაუბრა ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიგელა ჩივიაშვილი: სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები არ მცირდება
შემდეგი სტატიარა ვერ აპატია ივანიშვილმა მანანა კობახიძეს