საბა მეტრეველი:არ დაიჯეროთ – ეს არ არის დუტუ მეგრელის ლექსი!

ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ბევრი დაიწერა დუტუ მეგრელის ცნობილი ლექსის შესახებ, გაჩნდა ახალი ვერსიები. „თაიმერმა“ თხოვნით მიმართა ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორ საბა მეტრეველს, რათა წყაროებზე დაყრდნობით მოეთხრო რეალური ისტორია და თავგადასავალი ლექსისა „პატარა ქართველი“.
პოეზიით დაინტერესებულ „თაიმერის“ ერთგულ მკითხველებს წარმოგიდგენთ ამ წერილს.

 

 

 

1901 წლის ოქტომბრის ჟურნალ „ჯეჯილში“ (N10) დაიბეჭდა დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარია) 5-სტროფიანი ლექსი „პატარა ქართველი“ (გვ. 3-4):

„მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი – ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:
ხან თუ მტრები აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს, მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე სიამ-ტკბილი“.

ჟურნალის რედაქციამ (რედაქტორი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა) პოეტის სიტყვები – „და მსურს, მერგოს სასახელო მეც სიცოცხლე და სიკვდილი“ ამგვარად შეცვალა „და მსურს, მერგოს სასახელო მეც სიცოცხლე სიამ-ტკბილი“. ამ ტიპის ჩასწორებას კატეგორიულად არ იღებდა დუტუ მეგრელი, მაგრამ ასე გავრცელდა თავდაპირველი ვერსია ამ ლექსისა.
დუტუ მეგრელის ლექსის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი იაკობ გოგებაშვილმა, როდესაც 1907 წელს „დედა ენის“ საკითხავი წიგნის მეორე ნაწილში დაბეჭდა ამ ლექსის ერთი სტროფით შემოკლებული ვარიანტი (გვ. 224):

 

 

 

 

 

 

როგორც ვხედავთ, იაკობ გოგებაშვილმა შეცვალა ლექსის ფორმა, გააერთიანა სტორფები და ამოიღო მხოლოდ ერთი სტროფი:

„ქვეყნის თვალი – ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი“

დედაენისეულ რედაქციაშიც ლექსის ფინალი ისეთივე დარჩა, როგორიც დაიბეჭდა ჟურნალ „ჯეჯილში“.
ავტორები ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამდნენ ნებისმიერ ჩარევას და ბუნებრივი პროტესტი გაუჩნდა დუტუ მეგრელსაც. 1907 წლის ჟურნალ „ნიშადურის“ 10 აპრილის 38-ე ნომერში (გვ. 10-11) მან დაბეჭდა „შენიშვნა“, რომელშიც განმარტა: „ჯეჯილში“ „და სიკვდილის“ მაგიერ დაბეჭდილია „სიამ-ტკბილი“, თუმცა მე პირადად თანახმა არა ვარ ამისთანა შესწორებისა. ამის გარდა, პოეტმა გააპროტესტა ისიც, რომ „დედაენაში“ მისი ლექსი მოთავსებული იყო სხვა „ამერ-იმერ ქართველთა სიმღერებს“ შორის და, რომ გამოტოვებული იყო მესამე სტროფი, რაც, მისი აზრით, „ლექსს თუ არ ახდენს, არაფერს მატებს“. ამას გარდა, დუტუ მეგრელი გულისწყვეტით წერდა იმის შესახებაც, რომ „სარჩევში, სადაც ავტორები ჰყავს აღნიშნული ბ. გოგებაშვილს, ამ ლექსის ავტორზე ხმას არ იღებს და გამოდის, მის წინასიტყვაობასთან მინაწერ შენიშვნის მიხედვით, რომ ეს ლექსიც ან თავად ბ. იაკობს უნდა ეკუთვნოდეს, ან ხალხური უნდა იყოს“. დუტუ მეგრელის წერილი მთავრდება მრავლისმთქმელი ემოციური ფრაზით „ეს სრული აბუჩად აგდებაა მწერლისა!..“

„შენიშვნას“ მაშინვე გამოეხმაურა იაკობ გოგებაშვილი და ამავე ჟურნალის 42-ე ნომერში დაბეჭდა საპასუხო წერილი სათაურით „უცნაური ბრალდება (პასუხად ბ-ნს დუტუ მეგრელს)“ (გვ. 5-6). ის განმარტავს, რომ „დედაენის“ 22-ე გამოცემის (იგულისხმება 1907 წლის გამოცემა) გეოგრაფიულ ნაწილში დაიბეჭდა სამი ლექსი სამშობლოს სიყვარულის შესახებ, რომელთაგან ორი ხალხურია, ხოლო მესამე დუტუ მეგრელს ეკუთვნის: „არცერთს ამ ლექსთაგანს თავისი საკუთარი სათაური არა აქვს. ყველას წინ მიუძღვის საერთო სათაური „ამერ-იმერთა ქართველთა სიმღერები“. იაკობ გოგებაშვილი ასახელებს ორ მიზეზს, თუ რატომ დაარქვა სიმღერები:
1. ლექსები გამოთქმულნი არიან სიმღერის კილოზედ;
2. გვწადდა, მასწავლებლებისათვის ჩაგვეგონებინა, რომ ეს ლექსები, სავსე მხურვალე ეროვნული გრძნობით, არა მარტო წაეკითხებინა მოსწავლეთათვის, არამედ ზეპირად დაესწავლებინა და ემღერებინათ, რათა უკეთესად გამსჭვალულიყვნენ შიგ დამარხული ეროვნული გრძნობით.
იაკობ გოგებაშვილი განმარტავს იმ მიზეზებსაც, თუ რატომ ვერ მოხერხდა ავტორის მითითება (საერთო სახელს ვერ მივუყენეთ ავტორები, ცალკე სახელები კი წიგნის ტექსტში არ მოიპოვებოდა), თუმცა პირობას იძლევა, რომ შემდეგ გამოცემებში ეს ლაფსუსი გასწორდება. აქვე ის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება: „ბ-ნი დუტუს დაუსახელებლობა ჩვენ სანანურად და სამწუხაროდ დაგვრჩა ერთის გარემოების გამო. მოგეხსენებათ, რომ ქართველის ერის მტრები ყოველს ღონისძიებას ხმარობენ, რომ სამეგრელო საქართველოს მოსწყვიტონ, სამასი ათასი მეგრელით შეამცირონ ქართველთა რიცხვი, ერთი დიდი ლუკმა ორ პატარა ლუკმად აქციონ, ადვილად გადაყლაპონ და ადვილადვე მოინელონ. ერთი ძლიერი ღონისძიება ამ ბოროტი განზრახვის წინააღმდეგ არის – მხურვალე მონაწილეობა მეგრელებისა ქართულს მწიგნობრობასა და ლიტერატურაში და ამ მონაწილეობის გამომზევება, ხაზის გასმა… ამავე მოსაზრებით ჩავურთეთ „დედა ენაში“, ნაცვლად იოსებ ბაქრაძის ლექსისა, ბატონი დუტუ მეგრელის ლექსი იმავე თემაზე“.
ხოლო ლექსის მესამე სტოფის ამოღებას იაკობ გოგებაშვილი ასე ასაბუთებს: „ჩვენი კალმოსანი საქართველოს ქვეყნის თვალად სთვლის და ეს კი გადაჭარბებული ქებაა. ამავე სტრიქონში საქართველოს იხსნებიებს როგორც ღვთის-მშობლის წილ-ხდომილს ქვეყანას. ჩვენ კი „დედა ენაში“ უკანასკნელს სასულიერო განყოფილებამდი ქრისტიანული ელემენტი გამოტოვებული გვაქვს, რათა ქართველს სპარსელებს, კერძოთ, ქართველ მაჰმადიანებს საზოგადოდ და ქართველს ურიებს მივცეთ შეძლება, დაუბრკოლებლივ იხმარონ საერთო სახელმძღვანელო ქართულის ენისა“. გარდა ამისა, მითითებულია კიდევ ერთი შინაარსობრივი მიზეზი: რომ გამოტოვებულ სტროფში გამოხატული აზრი საქართველოს ბედის ცვალებადობის შესახებ უკეთესად არის გამოთქმული შემდეგ სტროფებში და ამიტომ, „ლექსი არაფერს ჰკარგავს ამ საჭირო გამოტოვებით“.
გაუგებრობა თუ კამათი ამით ამოიწურა.
ის, რომ 1907 წლიდან მოყოლებული ქართველმა ერმა პატარაობიდანვე შეისისხლხორცა დუტუ მეგრელის ეს ლექსი იაკობ გოგებაშვილის დიდი დამსახურებაცაა. ლექსის მიხედვით კომპოზიტორმა ვალერიან ცაგარეიშვილმა 1945 წელს დაწერა სიმღერაც გუნდისათვის ფორტეპიანოს აკომპანიმენტით.
ახლა იმის შესახებ, თუ რატომ გავრცელდა დუტუ მეგრელის სახელით ამ ლექსის ახალი რედაქცია, ჩამატებული ორი სტროფით:

 

 

 

 

 

 

ინტერნეტ სივრცეში ამ სტროფების გამოქვეყნებას მოჰყვა არა მარტო კომენტარები, თითქოსდა, კომუნისტური კრიტიკისა და ცენზურის „ბასრმა მახვილმა“ მხოლოდ ორი სტროფი დაუტოვა დუტუ მეგრელს და დანარჩენი აკრძალა, არამედ წერილებიც კი, მაგალითად:
• ეს დაგაინტერესებთ ქართველნო! დუტუ მეგრელის ნამდვილი ლექსი (სრულად);
• დუტუ მეგრელის ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“, რომელსაც შემოკლებულად ასწავლიდნენ სკოლებში;
• იცით „მე პატარა ქართველი ვარ!” სრულად?
• დუტუ მეგრელის ამ ტექსტში, რომელსაც 4 სტრიქონის გამოტოვებით გვასწავლიდნენ, მოცემულია სრულიად საქართველოს ხატი;
• „მე პატარა ქართველი ვარ…“ – დუტუ მეგრელის ცნობილი ლექსი და მისი ნამდვილი ვერსია…
საბჭოთა ტოტალიტარიზმს თავისი ცოდვებიც ჰყოფნის და ამას ნუღა ავკიდებთ! საქმე სხვაგვარადაა:
მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა განათლების რეფორმა. დაიწყო სისტემის მოდერნიზების პროცესი. გაჩნდა ალტერნატიული სასკოლო სახელმძღვანელოები, მათ შორის საეტაპო მნიშვნელობისა იყო ვახტანგ როდონაიას ჯგუფის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, რომლებშიც პირველად მოხერხდა ლიტერატურის სწავლების საბჭოური სტერეოტიპებისაგან გათავისუფლება. სწორედ, ამ ჯგუფის (ვ. როდონაია, ლ. ვაშაკიძე, მ. მირიანაშვილი, ა. არაბული) ავტორობით 1998 წელს დაიბეჭდა „დედაენის“ მეორე კლასის სახელმძღვანელო. მასში გაჩნდა ლექსი „საქართველო (პაპის ანდერძის გახსენება)“ (გვ. 124).

 

ქართლ, კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო;
რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი
და მესხეთი სასახელო;
ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი,
სვანეთი და აფხაზეთი;
ძველი ტაო-იმერხევი,
საინგილო და ლაზეთი;
მთიულეთის საარაგვო
და აჭარის ზღვა და მდელო;
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო!
სარჩევში კი მითითებული იყო „საქართველო“ – დუტუ მეგრელის მიხედვით“.

ამ ჩანართი ტაეპების ავტორია ცნობილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. როგორც თავად აღნიშნავს, ამოცანა მარტივი იყო: დუტუ მეგრელის ცნობილ ლექსში ჩამოთვლილია საქართველოს მხოლოდ ხუთი კუთხე: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო. საქართველოს სხვა მხარეებში მცხოვრები მასწავლებლები და მოსწავლეები ხშირად გამოთქვამდნენ გულისწყვეტას, რომ ჩამონათვალში მათი კუთხე არ იხსენიებოდა. თანაც, ერთიანი საქართველოს გააზრება ადრეულ ასაკში უნდა ჩამოყალიბდეს და, რადგან დუტუ მეგრელის „პატარა ქართველი“ ძალიან ადვილად ამახსოვრდებათ ბავშვებს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ლექსის მეშვეობით საქართველოს კუთხეების სახელთა დამახსოვრების პრობლემის გადაჭრა.
ასე გაჩნდა ლექსში საქართველოს დანარჩენი კუთხეები: რაჭა, ლეჩხუმი, ჯავახეთი, მესხეთი, ხევი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, სვანეთი, აფხაზეთი, ტაო, იმერხევი, საინგილო, ლაზეთი, მთიულეთი და აჭარა – ამ ჩანართით, ფაქტობრვად, მთლიანი საქართველოს, ამერ-იმერის ისტორიულ-ეთნოგრაფიული პანორამა აღდგა, იმ ერთიანი და მთლიანი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოსი, რომლის ბევრი მხარე უკვე ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვრებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო, აღარ შემოდის.
ასე რომ, დუტუ მეგრელის ლექსი „პატარა ქართველი“ კომუნისტებს არ აუკრძალავთ. ის ვარიანტი კი, რომელიც ასე ძალიან მოსწონს თანამედროვე ქართველს, ავთანდილ არაბულის ნიჭის წყალობით გაჩნდა სასკოლო სახელმძღვანელოებში. ხოლო, ავტორთა ჯგუფისთვის პლაგიატორობა რომ არ დაეწამებინათ, ლექსს დაარქვეს „საქართველო“, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ამ ვარიანტის შეთხზვის კონცეფციას. შესაბამისად, სარჩევში მიუთითეს „დუტუ მეგრელის მიხედვით“ და არა „ავტორი დუტუ მეგრელი“.
ასეთია თავგადასავალი დუტუ მეგრელის ერთი ლექსისა, როგორც სულში ჩაღვრილი სათნოებისა, რომელიც დღემდე გულზე ახატია ქართველ ერს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში ბინების გაქირავების ამერიკულმა ვებგვერდმა ოპერირება დაიწყო – “ევროპული საქართველო” რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს
შემდეგი სტატიაე.წ. კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო