საბა მეტრეველი:ქართველი  ერის  ა ნ ა მ ნ ე ზ ი

ეროვნება _ ქართველი.

ასაკი _ სამი ათას წელზე მეტი (დაუზუსტებელი).

ოჯახური მდგომარეობა _ დანგრეული.

ჩვევები  _ უსაფუძვლო სიამაყე, უწესრიგობა, დარდიმანდობა, უგულობა, განცხრომისკენ მიდრეკილება.

გადატანილი დაავადებები _ მონობა, შავი ჭირი, ქოლერა, სიღატაკე,  ტანჯვა, გოდება, დაუძლეველი არაბობა, თურქსელჩუკობა, ყიზილბაშობა, ლეკიანობა, ბედშაობა, ერთმანეთის ღალატი, შური, მტრობა, ტყვეთა სყიდვა.

გადასატანი დაავადება – მონური მენტალიტეტისაგან, ტრავმული მეხსიერებისაგან გათავისუფლება

შრომითი საქმიანობა _ უქნარა, თუმცა უშრომელად კარგი ცხოვრების მწვავე მოთხოვნით დასაქმებული.

ძირითადი ჩივილები _ პირადი ძალისხმევის დეფიციტი; გაღიზიანებული და აგზნებული, ძალადობისკენ მიდრეკილი და აგრესიული; მომატებული ცრუაქტივობა; გადაჭარბებული ამაოდმეტყველება; მაღალი თვითშეფასება, ცრუ მესიანური იდეებისა და სამყაროში განსაკუთრებულობის აკვიატება, შესაბამისად, გაუგებარი სიამაყე; ძილისა და სიმშვიდის რეჟიმის დარღვევა; არარსებულის შეგრძნება, ასევე, _ ბოდვები, მცდარი რწმენების ან ეჭვების არსებობა საპირისპირო მტკიცებულების შემთხვევაშიც კი; დაკარგული აქვს რწმენა და სიყვარული; ღრღნის შური, ღალატისაკენ მიდრეკილება, ორგულობა; ქრონიკულადაა ჩარჩენილი ტრავმასა და სტრესში,  ფარისევლობასა და სიზარმაცეში.

დაავადების ისტორია _ დაავადება გამოვლინდა მე-15 საუკუნიდან. რემისიის ფაზიდან მწვავეში გადავიდა 1801 წელს.

ტკივილის ლოკალიზაცია, ხასიათი და ინტენსივობა  _ პერიოდულად ვლინდება ცვალებადი ლოკალიზაციის ძლიერი ტკივილი.

დაავადების მიმდინარეობა _ დაავადება მიმდინარეობს გლობალიზაციის უფერულ ფონზე დაკარგული ინდივიდუალიზმისა და დანგრეული სულის სტატუსით.

სიმპტომების კავშირი ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე _ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან პრევალირებს სიმპტომების ჯგუფი: ქცევის არაადეკვატური ხასიათი,  ისტორიული მეხსიერებისა და ინტელექტის დაქვეითება.

დაავადების შედეგები _ დაავადებამ მოიცვა ერის მთლიანი ორგანიზმი. განვითარდა მეტასტაზები, რომელთა თავისებურებებს განსაზღვრავს დაავადების გამომწვევი და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა _ გაუცნობიერებლად მძიმე და საშიში მომავლისათვის.

ფსიქონევროლოგიური სტატუსი _ ნერვული აგზნებადობა, გადაღლა, სხვისი ცხოვრების მიმართ  გადაჭარბებული ინტერესი,  არამოტივირებული აგრესია,  ცვალებადი განწყობილება, შფოთვა, რეალობის შეგრძნების დაკარგვა, მხსნელის, ბელადის, სასწაულთმოქმედის… დაუსრულებელი მოლოდინი.

 

დიაგნოზი:

უმძიმესი დიაგნოზი 148 წლის წინ დაისვა _ „ბედნიერი ერი“ მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომებით: ქვემძრომელი, ყველა ყრუი, ყველა ცრუი, მცირე, დიდი – ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი.

მას შემდეგ ბევრჯერ გადამოწმდა ანამნეზი, შეგროვდა და დამუშავდა ცნობები ავადმყოფის ცხოვრების შესახებ დაავადებამდე და თავად ავადმყოფობის განვითარების ისტორია; განიხილეს ამ ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ინფექციის სიმპტომები, ამოცნობილია რისკისა და მწვავე დაზიანების მქონე პაციენტებიც. როგორც აღმოჩნდა, „ბედნიერი ერით“ დაავადების მრავალსიმპტომური გამოვლენა სამკურნალოდ, ასევე, მრავალი თავსებადი საშუალების გამოყენებას მოითხოვს. დაავადებამ განიცადა მუტაცია და 148 წლის შემდეგ მივიღეთ „თვითმკვლელი ერი“.

ქართველი ერის სხეულის დაავადების პათოგენეზში შეაქვთ კორექტივები. ტექნოკრატიის საუკუნეში, ფეისბუქის ჯოგური რიტუალებისა და მასკულტურის ეპოქაში,  მკურნალობისას იყენებენ პრინციპულად ახალ მეთოდებსა და მიდგომებს, რომლებიც მოლეკულური და ბიოქიმიური გენეტიკის თანამედროვე მიღწევებს ეფუძნება. აღმოჩნდა, რომ დაავადების მიზეზის გარკვევა და მისი კორექცია ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციაში სერიოზულ მანევრირება-ინტერვენციას გულისხმობს. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზებისა და პირობების შემსწავლელი ეტიოლოგიური მკურნალობის ჩასატარებლად საჭიროა მონობაში გადაგვარებული და შეცვლილი დნმ-ის სტრუქტურის აღდგენა.

პირველ ეტაპზე რეგენერაცია მენტალობის კორექციით მაინც დავიწყოთ.

ფილოლოგიის დოქტორი , პროფესორი

 საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი: კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე!
შემდეგი სტატიარა ხდება გარეთ, ანუ რა უნდათ შარლატან რაინდ ლევან ვასაძეს და მათ უწმინდესობა მატრიარქს?