საბა მეტრეველი – მტკვართან და რიონთან მებრძოლი სიცოცხლე

40 დღე შესრულდა შოთა ქარსელაძის ტრაგიკული დაღუპვიდან. თაიმერი კიდევ ერთხელ გამოხატავს მოწიწებას მისი თავგანწირული ცხოვრების მიმართ და გთავაზობთ ფილოლოგიის დოქტორის, პროფესორ საბა მეტრეველის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს:

საბა მეტრეველი: მტკვართან და რიონთან მებრძოლი სიცოცხლე
,,უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოან. 15,13).

დღეს კიდევ ერთი კაი ყმა, მართალი, უბოროტო, მოყვასისთვის თავდადებული შვილის სული შეუერთდება ზეციურ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის მადლითა და წყალობით ჯერჯერობით კიდევ ერი გვქვია.
მედიაზირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული საქართველო… ირგვლივ დაუძლეველი ძალადობა, სიძულვილი, ძალადობა და აგრესია… ერთმანეთს წასეული ქართველობა… და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი შეუძლებლად შესაძლებლის დაშვებისა და თარეშის ჟამს სამყაროს შემოქმედმა გამოგვიგზავნა გმირობის, თავდადებისა და თავგანწირვის კონკრეტული ხილული სასწაული შოთა (გოშე) ქარსელაძის სახით.
3 ივლისს, თბილისში, ორთაჭალაში, 14 წლის გოგონას ფეხი დაუცურდა და მდინარე მტკვარში ჩავარდა. შოთა ქარსელაძემ ის სამშვიდობოს გამოიყვანა, თავად კი დაიღუპა. ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი მდინარე რიონში გადავარდა და ისიც სწორედ შოთა ქარსელაძემ გადაარჩინა…
ალბათ, დიდ გმირობად არ უნდა ჩაითვალოს, როცა განსაცდელში მყოფს ხელს გაუწვდი, როცა ადამიანს გადაარჩენ, მაგრამ
შოთა ქარსელაძემ ცურვა არ იცოდა…
მან ორივეჯერ გაწირა საკუთარი თავი; ორი უცნობის სიცოცხლე გადაარჩინა მაშინ, როცა ცურვა არ იცოდა და ორივე შემთხვევაში შეგნებულად დადო საკუთარი სიცოცხლე სასწორზე;
დღეს, როცა ასე გვზარავს სიკვდილის ხსენებისაც კი, როცა გვაძრწუნებს იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე მიწად უნდა ვიქცეთ და მწარედ გვეშინია აქედან წასვლისა, შოთა ქარსელაძემ სხვისი სიცოცხლისათვის ორივეჯერ უყოყმანოდ „არა“ უთხრა საკუთარ სიცოცხლეს;
ორივეჯერ დაგვიდასტურა, რომ ეს იოსებ ჟორდანიასა და გურამ რჩეულიშვილის
საქართველოა!
შოთა ქარსელაძის სახელს არ სჭირდება რომანტიზება და ჰეროიზება! ერთი რამ კი უდავოა: ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რადგან თავდადება და თავგანწირვა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. არა–ჩვეულებრივის ცხოვრება კი, ზოგადად, მუდამ დიდი გამოცანაა. 30 ივნისს 33 წელი შეუსრულდა, სამი დღის შემდეგ კი დაუნანებლად დატოვა ეს უსწორმასწორო და გაუტანელი წუთისოფელი. რამდენი რამ არის აუხსნელი ჩვენ ირგვლივ, რამდენი იდუმალი, დაფარული და მისტიკური იკვეთება ამ თარიღებშიც!
`სასაფლაოზე ბზას რომ ურგავდა ჩემს შვილს, გოშე იყო… მოედანზე თამაშით გართული უმამოდ დარჩენილი ბიჭისთვის ტკბილეული რომ მოჰქონდა თვითონ ობლობაგამოვლილს, ისიც გოშე იყო… არც დევკავი იყო, არც გოლიათი, არც ამირანი… ერთი ჩვეულებრივი, სინდის-ნამუსიანი ბიჭი იყო, უბნის კოლორიტი იყო გოშე… იქ იყო, სადაც ვიღაცას უჭირდა… იქ იყო, როცა რიონის ტალღებს მიჰქონდა უცნობი… მტკვრის ტალღები ჩანთქმას რომ უპირებდა პატარა გოგონას, იქ გაჩნდა…, რა დროს ბათინკების გახდაზე ფიქრი იყო ან იმის გააზრება, რომ ცურვა არ იცოდა, წყლის რომ ეშინოდა,.. ადამიანი იხრჩობოდა, ადამიანს სჭირდებოდა შველა… ჩვეულებრივი კი არა, გმირი ყოფილა, უფლის მხედარს რომ მალავდა გოშეს უბრალოება, იესოსავით სიყვარულის მსხვერპლი რომ ყოფილა 33 წლის შოთა ქარსელაძე~ – ნ. გვილავა.

გმირი `ბრძოლასა და შრომაში თავდადებული, მამაცობითა და გამბედაობით გამოჩენილი, სიძნელეთა ვაჟკაცურად დამძლევია~. ჩვენს ფარისევლურ საზოგადოებას თავისი გმირები ჰყავს, უმთავრესად – ფსევდოგმირები. შოთა ქარსელაძის ცხოვრებამ დაგვანახვა, რაოდენ ეგოცენტრულები ვართ; როგორ არ გვეთმობა საკუთარი, როგორ მივეჯაჭვეთ წარმავალს… ისიც ხომ ფაქტია, რომ თავგანწირვა და თავდადება კი არა, ერთმანეთის სიძულვილი, მტრობა და შური ღრღნის ჩვენს სულსა და გულს.
ბედნიერი ხარ, გოშე, 33 წლის ასაკში ასე დაუნანებლად, უყოყმანოდ რომ შეძელი საკუთარი სიცოცხლის სხვისთვის დათმობა;
ბედნიერი ხარ, რომ უპირობო თავგანწირვა და თავდადება შეგძლებია;
ბედნიერი ხარ, რადგან, მოყვასის სიყვარულის, ჩუმი და უხმაურო, უპრეტენზიო, რიგით კაცად ცხოვრების კულტურის სახედ და ნიმუშად იქეცი შენი ერისთვის;
ვიდრე იარსებებს ჩვენი ქვეყანა, ჯერ ისევ საკუთარ გზასა და თავს აცდენილი, უკვდავი იქნება შენი სახელი, როგორც საკუთარი თავის უარყოფისა!
გვაპატიე, შოთა! შენი გმირობა თანამედროვე ფსევდოგმირების სამყაროში ისე ვერ დავაფასეთ და შევაფასეთ, როგორც ამას იმსახურებდი; ვერც საპატრიარქო ტაძრდან გამოგასვენეთ, ვერც სატელევიზიო სივრცემ მოიცალა ჯეროვნად შენთვის (აბა, ცნობადი ყოფილიყავი, რა სცენებს გავმართავდით, რა სანახაობას მოვაწყობდით…), ვერც რომელიმე პანთეონი გავიმეტეთ, რათა მომავალ თაობებს შენი საფლავის ნახვის შესაძლებლობა ჰქონოდათ…
თუმცა, საქართველოში დიდებული ადამიანები ხომ უძეგლოდ იკარგებიან!!!

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39 პროცენტი დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36 პროცენტი კი კარგად