საბა მეტრეველი – იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ დაუბრუნდა ქართულ სკოლას

დაიწყო ახალი სასწავლო წელი და არამატერიალური მნიშვნელობის ძეგლი „დედაენა − ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი“  – ქართულ სკოლას დაუბრუნდა. გოგებაშვილის „დედაენა“ უკვე საჩუქრად დაურიგდა პირველკლასელებს.

ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ „დედაენაზე“ მომუშავე ესპერტთა ჯგუფის წევრს, ფილოლოგიის დოქტორ პროფესორ საბა მეტრეველს

 

  • დაპირებისამებრ, იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „დედაენა“ უკვე დაუბრუნდა სასკოლო სივრცეს. როგორი განცდაა თქვენთვის ეს ფქტი?

 

  • არა მგონია, პერსონალურად ჩემი განცდები იყოს საინტერესო! უფრო მთავარია ის, რომ ამ საყოველთაოდ დიდი მნიშვნელობის მოვლენას სიხარულით ხვდება ყველა, ვისთვისაც ძვირფასია იაკობ გოგებაშვილის სახელი და მისი უკვდავი „დედაენა“. ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა, რომ „დედაენამ“ თავისი კუთვნილი ადგილი დაიბრუნა საგანმანათლებლო სივრცეში!

 

  • რას მიიჩნევთ იაკობ გოგებაშვილის მთავარ დამსახურებად?

 

  • იაკობ გოგებაშვილმა გასაოცარი ოსტატობით მოარგო ქართული ენის ფენომენი ეპოქის სასწავლო მეთოდებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მან დედაენისთვის გადმოიღო იმდროინდელ პედაგოგიურ პრაქტიკაში აღიარებული როგორც ანალიზური, ისე – სინთეზური და ანალიზურ-სინთეზური მეთოდები. გარდა ამისა, დიდი რუდუნებით მოიძია, შეკრიბა, გადაამუშავა, თარგმნა, სპეციალურად დააწერინა ქართველ მწერლებს, თავადაც არაერთი ნიმუში შეთხზა და, მკაცრად განსაზღვრული წესის მიხედვით, ფაქტობრივად შექმნა საბავშვო მწერლობის ანთოლოგია, – ყველა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფისათვის მისაღები უნივერსალური ნაშრომი. „დედაენის“ მისეული გამოცემები ივსებოდა, ზუსტდებოდა, გადამუშავდებოდა, იხვეწებოდა. ფაქტობრივად, არცერთი გამოცემა არ არის წინანდელის იდენტური. როდესაც „დედაენა“ პირველად დაიბეჭდა, დიმიტრი ყიფიანმა თქვა: „რადგან უეჭველია, ეს წიგნი კიდევაც ბევრჯერ დაიბეჭდება, კარგი იქნება, უკეთ გაშალაშინდეს. კარგი წიგნი რომ არა ყოფილიყო, არას ვიტყოდიო“.

ჩვენც, „დედაენაზე“ მომუშავე ექსპერტებმა, დროისა და ეპოქის მოთხოვნების, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სასწავლო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადავამუშავეთ და სასკოლოდ მოვამზადეთ.

იაკობ გოგებაშვილმა, ჩვენს სინამდვილეში პირველმა, დაამკვიდრა წერისა და კითხვის ერთად სწავლება. დედის რძესავით, იავნანასავით შეირგო და გაითავისა ქართველმა ერმა უნიკალური პალინდრომი `აი ია~ (წაღმა-უკუღმა ერთნაირად რომ იკითხება). ორი საუკუნეა, ქართველი ადამიანი `დედაენით~ ყალიბდება, სამყარო `აი იათი~ შემოდის ჩვენს ცნობიერებაში. ასე შესისხლხორცებული გვაქვს იაკობ გოგებაშვილის მიერ მოფიქრებული და საფუძველჩაყრილი  სისტემა წერა-კითხვისა. ამიტომაცაა იგი ყველაზე უფრო ახლობელი და თანამდევი სული საქართველოსი!

 

  • თქვენ მიერ მომზადებული „დედაენა“ ჰგავს თქვენი ბავშვობის „დედაენას“?!

 

  • არა! სკოლაში რომ მიმიყვანეს (და ეს იყო დიდი ხნის წინ, გასულ საუკუნეში), დაგვირიგეს „დედაენა“  მოსამზადებელი კლასისათვის,  შედგენილი ი. გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით ვალერიან რამიშვილის მიერ და იმით შევიმეცნე სამყარო. ჩვენ მიერ მომზადებული სახელმძღვანელო კი ყველაზე ახლოს დგას იაკობ გოგებაშვილისეულ „დედაენასთან“, დაცულია მისი პრინციპები, წიგნში შეტანილია მისეული ტექსტები და სასაუბროები, რებუსები, გამოცანები და ანდაზები. ჩვენ გადავამუშავეთ 1912 წლის „დედაენა“, გოგებაშვილის სიცოცხლეში გამოცემული ბოლო რედაქცია, მოვარგეთ თანამედროვე მეთოდოლოგიებს; ტექსტებს დავურთეთ შეკითხვები; შევადგინეთ დავალებები, სავარჯიშოები, ლექსიკონი. სასწავლო წიგნთან ერთად, მომზადდა წერის დედანი (მოსწავლის რვეული) და მასწავლებლის წიგნიც.

 

  • თანამედროვე კონკურენციის პირობებში ეს ერთადერთი სახელმძღვანელო იქნება?

 

  • არაერთხელ ითქვა, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „დედაენა“, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი, სხვა გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, შევა ქართულ სკოლაში. ამდენად არჩევანი თავად სკოლამ და მშობლებმა გააკეთეს.

მთავარი კი ისაა, რომ დღეიდან ქართულ სკოლაში ისევ დაბრუნდა გოგებაშვილის „დედაენა“

 

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დარჩელის და დიდინეძის სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს