საბა მეტრეველი – გალობა “ანგელოზთადმი შემსგავსებული”

საბა მეტრეველი - გალობა

საბა მეტრეველი – გალობა “ანგელოზთადმი შემსგავსებული”

angelozi

 

სულ ახლახან რუსთაველის თეატრში გაიმართა ფონდ „ქართული გალობის”  IV ყოველწლიური დაჯილდოება-კონცერტი. ნომინაციაშიქართული გალობის მოამაგენიდაჯილდოვდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი  ქართული გალობის აღდგენაპოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის.

 

სვეტიცხოველში არ მღერიან, აქ გალობენ! და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენი ყური დიდი ხნის გადაღლილია ტაძრებში სიმღერის მოსმენით, რადგან დღეს ძალიან ცოტას თუ ესმის, რომ, როცა საეკლესიო გუნდს აყალიბებ, უნდა გაემიჯნო ვოკალურ საცდურს, რათა გალობა სიმღერად არ აქციო. `მართლმადიდებლობითა მიერ ღმრთისა მეტყუელებად~ (სულხან-საბა) მიჩნეულ საეკლესიო გალობას მკაცრად განსაზღვრული კანონიკა ახლავს. როგორც ცნობილია, სასულიერო ტექსტის გასაგებად გამოხატვა და კანონიზებული ჰანგის უცვლელად შენარჩუნება საგალობლის ძირითადი პრინციპია. მუსიკალურად რაც უნდა რთული და პოლიფონიური იყოს საგალობელი, შეუძლებელია, მან დაარღვიოს გალობის, ანუ ლოცვის, სიტყვიერი ქსოვილი; შეუძლებელია, საგალობლის მელოდიამ დაჩრდილოს, გადაფაროს სიტყვა, ბუნდოვანი გახადოს ლიტურგიული ტექსტი. ამიტომაცაა მიღებული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ მაღალგანვითარებულ საგალობლებშიც კი რიტმული სინქრონულობის რღვევა არ არღვევს სიტყვიერი ტექსტის სინქრონულობას (მ. სუხიაშვილი).

 

თანამედროვე სამყაროს ხმაურით დაღლილი ადამიანი ეკლესია-მონასტრებში დაეძებს სულის სიმშვიდესაც და „ცხოვრების წყაროსაც“. ამ გზაზე, ღვთისმსახურების წმინდა საკურთხეველზე, განსაკუთრებულია როლი საეკლესიო გალობისა, რომელიც, ზოგადად, ანგელოზური წარმომავლობისაა. თითქოს ახლაც მოისმის ზეციდან ანგელოსთა გალობა ბაგაში განკაცებული იესოს სადიდებლად: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება~.

როგორც ცნობილია, ქრისტიანობის პირველ ეტაპზე ღვთისმსახურება სრულდებოდა ფსალმუდიის პრინციპით, განვითარებული მუსიკალური ელემენტის გარეშე. წმინდა ეფრემ მცირის განმარტებით: „პირველთა მათ ჟამთა არარაი აქუნდა სხუაი საგალობელად საეკლესიოდ თვინიერ ფსალმუნთა წიგნისა”. გალობის ტონი იყო მდორე, მარტივი. ეს სიმარტივე და სტილური ერთგვაროვნება თან გაჰყვა ღვთისმსახურებასაც და, შესაბამისად, – საგალობელს.

მხერ

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ გალობა ლოცვის, ღვთისმსახურების თანამდევია და მან განწყობა კი არ უნდა შექმნას, არამედ ლოცვით მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს ადამიანი. განწყობასა და განწყობილებას ქმნის არა გალობა, არამედ – სიმღერა. გალობა ზეციურია, სიმღერა _ მიწიერი, ადამიანური ემოციების გამომხატველი. „გალობის ფსალმუნური თვისება საეკლესიო გალობას ამა ქვეყნიურისგან, ხორციელებისგან სრულიად განაშორებს, ზეციურ მოვლენად წარმოგვიჩენს“ (ე. ჭელიძე).  გალობა ლიტურგიის უცვლელი კომპონენტია, სიმღერა კი – ცხოვრების რიტმშია ჩართული (შრომა, სუფრა, ბრძოლა, დატირება, ქორწილი…). საგალობელი დროს აუქმებს, ზედროულია და ისე განსხვავდება სიმღერისაგან, როგორც ხუროთმოძღვრება – არქიტექტურისაგან, ხატწერა – მხატვრობისაგან. გალობა ლოცვა, ღმერთთან საუბარია. ვინც გალობს, ორჯერ ლოცულობსო – ამბობდა ნეტარი ავგუსტინე (სხვათა შორის, `მღერა~ ძველად თამაშობას უკავშირდებოდა (ზ. სარჯველაძე), გალობაში კი მუსიკით ლოცვა მოიაზრებოდა). საუკუნეების განმავლობაში ერეტიკულ მიმდინარეობათა წარმომადგენლები ცდილობდნენ ეკლესიის წიაღში შეღწევას. მათი მიზანი საეკლესიო ჰანგების გაუკუღმართებაც იყო. სწორედ ამ საკითხს შეეხო VI საეკლესიო მსოფლიო კრების 75-ე კანონი: `ჩვენი სურვილია, რომ ეკლესიაში საგალობლად შეკრებილნი არც უჯეროდ გოდებდნენ და არც ძალდატანებით გამოსცემდნენ არაბუნებრივ ხმებს; არაფერი უწესო და ეკლესიისათვის შეუფერებელი მათ იქ არ უნდა შემოიტანონ, არამედ დიდი კრძალულებითა და ლმობიერებით აღუვლენდნენ ფსალმუნთა გალობას ღმერთს, რომელი იგი დაფარულსა მოიხილავს, რამეთუ საღვთო სიტყვა მოძღვრავდა ისრაელის ძეთ _ ყოფილიყვნენ კეთილკრძალულნი~.

mesame

ქართულმა ეკლესიამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ურთულესი გზა გაიარა რუსიფიკატორული პოლიტიკიდან დაწყებული ეკლესია-მონასტრების ნგრევითა და სასულიერო პირთა განადგურებით დამთავრებული. 1817 წელს საქართველოში მოვლენილმა პირველმა რუსმა ეგზარქოსმა, თეოფილაქტე რუსანოვმა, აგრესიული სიძულვილით დაუწყო ბრძოლა „ეროვნულ ნაღმს“ ეკლესიაში. კვირაში სამი დღე სიონის საკათედრო ტაძარში რუსული წირვა-ლოცვა დანიშნა, მანვე დააარსა რუსულენოვანი სასულიერო სასწავლებლები თბილისში, თელავში, გორსა და სიღნაღში. ცვლილება შეეხო საეკლესიო საგალობელსაც, მასში შემოიჭრა უცხოური ელემენტი. ნელ-ნელა შეიქმნა და ჩამოყალიბდა შერეული გუნდები, რომლებსაც, ბუნებრივია, თავიანთი რეპერტუარი სჭირდებოდა. განიდევნა ეკლესიიდან ქართული გალობა, შემცირდა საგალობო სკოლების რიცხვი. ეგზარქოსს რუსეთიდან ჩამოჰყვნენ მგალობლები, მუსიკოსები და თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ფოთში ჩამოყალიბდა ქართული ტრადიციული გალობისთვის სრულიად უცხო და მიუღებელი შერეული (სოპრანო, ალტი, ტენორი, ბანი) გუნდები. ქართული საეკლესიო გალობა დიდი საფრთხის წინაშე დადგა. მხოლოდ 1861 წელს გაისმა პირველი განგაშის ზარი  ჟურნალ „ცისკარში“ ერეკლე მეფის შვილიშვილის, ალექსანდრე ორბელიანის, წერილით  „ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი“ („ცისკარი“, 1861, N1, გვ.141-160). პრობლემა ისიც იყო, რომ შერეული გუნდებისათვის არ არსებობდა ქართული საგალობლები. ამიტომ საჭირო გახდა ქართული გალობის გადატანა და გადაკეთება ამ ტიპის გუნდებისათვის. ამან გამოიწვია კანონიკური გალობის ტრანსფორმაცია. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ინტელიგენციამ დაიწყო ზრუნვა ქართული ტრადიციული გალობის გადასარჩენად, მის ჩასაწერად. დასავლეთ საქართველოში წმიდა გაბრიელ ქიქოძის ლოცვა-კურთხევით მხცოვანმა ლოტბარმა ანტონ დუმბაძემ, ხოლო ქართლ-კახური კილოს საგალობლების შეგროვება ეპისკოპოს წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძის ლოცვა-კურთხევით მღვდლებმა პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებმა იდეს თავს. მერე ეს საქმე განაგრძეს იღუმენმა ექვთიმე კერესელიძემ, ფილიმონ ქორიძემ, დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ, მღვდელ-მონოზონმა ნესტორ კონტრიძემ, მელქისედეკ ნაკაშიძემ და სხვებმა.

როდესაც ეკლესიის საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია  მეორე გახდა, დაიწყო ახალი ეტაპი ქართული გალობის აღორძინებისათვის. უკვე ქართველი კომპოზიტორები ქმნიდნენ ახალ საგალობლებს შერეული გუნდისათვის. ამ მხრივ ფასდაუდებელია წვლილი იოსებ კეჭაყმაძისა. რაც შეეხება დეკანოზ პავლე ბერიშვილს, მან დაგვიტოვა მწუხრის, ცისკრისა და წირვის საგალობლები, შექმნილი მაღალი მუსიკალური გემოვნებითა და საეკლესიო ტრადიციის სრული გათვალისწინებით, თუმცა ამდენი შრომა შრომადვე დარჩა – ეკლესიაში კანონიკური გალობა აღდგა და, ფშვინვიერების ბრალდებით, მისი საგალობლებიც აიკრძალა (!).

დრო გადის, საზოგადოება ვითარდება და, ბუნებრივია, ჩნდება მოთხოვნა თანამედროვე საგალობლების შექმნისა და აჟღერებისა. არ გამოვა ხისტი პოლიტიკის გატარება! საეკლესიო გალობაში, გვინდა თუ არა, მაინც შემოიჭრება თანამედროვე ელემენტები. ამის დასტურად დიდი პარასკევის მაგალითიც საკმარისია ჩვენს ეკლესიაში. ოღონდ,  ყველაფერში დიდი სიფრთხილე და ზომიერება გვმართებს, რათა საეკლესიო გალობა საგუნდო მუსიკის კონცერტს არ დაემსგავსოს. მეორე უკიდურესობის საფრთხე ისიცაა, რომ გუნდების უმრავლესობა უხეში დისბალანსით, დაკიდებული წვეტიანი გამყინავი პირველი ხმით ვითომ კანონიკურად ისე გალობს, ლოცვა კი არა, სიცოცხლის სურვილი გაგიქრება.

თანამედროვე ადამიანის სმენა შერყვნილია ამდენი უგემოვნო მუსიკით. დღეს ყველას, ვისაც არ ეზარება, გიტარა ან ფანდური უჭირავს ხელში და მღერის. ერთი იუმორისტული თქმისა არ იყოს, ახლა სიმღერას ხმა არ სჭირდება, სმენა და სინდის-ნამუსი. რადგანაც რთული მუსიკალური სივრცეა ირგვლივ, ბუნებრივია, საეკლესიო საგალობლის შესრულების ესთეტიკაც  უაღრესად ჭრელია. მიუხედავად საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებისა, რომელიც ე.წ. კანონიკურ გალობას ეხებოდა, მაინც ვერ გაარჩევ, თანამედროვე ეკლესიაში გალობენ თუ მღერიან?!

საგალობელი განსხვავებულია არა მხოლოდ მუსიკალური აგებულებით, არამედ – ხასიათითაც. სიმღერის დროს ადამიანი განცდებსაა აყოლილი, საკუთარ თავსაც ახარებს და სხვასაც, ვოკალურ მონაცემებს წარმოაჩენს. დღეს როგორც  ხდება, წირვა-ლოცვაზე მღერიან თავგამოდებით, ყოველგვარი „მონასტრული სიმშვიდის“ გარეშე. დაიკარგა „კეთილკრძალულება“, იმის შეგნებაც, რომ გალობით უფალთან ლოცვაში ხარ, საეკლესიო სივრცის ნაწილად აღიქმები.

ვრცელი შესავალი დავჭირდა იმისათვის, რომ თანამედოვე კონტექსტში დაგვენახა და შეგვეფასებინა სრულიად გამორჩეული ფენომენი ქართულ საეკლესიო გალობაში _ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ვაჟთა გუნდი. გამორჩეული, უპირველესად, გასაოცარი მონასტრული სიმშვიდით, მდორედ განვითარებული, კონტრასტებისაგან თავისუფალი მელოდიური ნახაზითა და ღმერთთან სასაუბრო ენის ზუსტი ცოდნით. მე-18 საუკუნისეული ტერმინით თუ ვიტყვით, „სრულმა მგალობელმა“ (გუნდის რეგენტი), ილია ოსეფაშვილმა, შეძლო მიეღწია იმისთვის, რომ გალობა ქცეულიყო ლოცვის, სიტყვის ფონად, ყოფილიყო ღვთისმსახურების შემკაზმელი და გამამშვენებელი.  

meor

ქრისტიანული ხელოვნების კანონი უხილავის, `დაფარულის გამოცხადებას~ (იოანე დამასკელი) გულისხმობს. ამიტომ, როგორც წესი, გალობა არ უნდა იპყრობდეს მლოცველის გონებას. მისი სმენა და გულისყური არ უნდა დაკავდეს მელოდიური ნახაზით. საგალობელმა მუსიკალური აზრი არ უნდა განავითაროს, რათა ხელი არ შეუშალოს ლოცვას. მორწმუნე მრევლი არ უნდა დაბრკოლდეს ღვთაებრივი აზრის შემეცნებაში.  ეს არის მთავარი პრინციპი სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდის შესრულებაში და სწორედ ამით იქცევენ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დღეს ძნელად მოიძებნება მეორე გუნდი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, ასე წმინდად რომ იცავდეს და ინახავდეს იმ ძირითად კანონიკურ ხაზს, რომელიც განსაზღვრავს საეკლესიო გალობის რაობასაც და სპეციფიკასაც. ამ გუნდის ყველა მგალობელს (პირველი ხმა: მამუკა იაკობიძე, ირაკლი კაპანაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ლექსო კაციტაძე; მეორე ხმა: მიხეილ გოგიძე, გიორგი ლორთქიფანიძე, ზურაბ პეტრიაშვილი, ვალერი ბაზალელი, ლევან ბირთველიშვილი, გიორგი კვაბზირიძე, მიხეილ და დავით ალიბეგაშვილები; ბანები:ზურაბ იაშვილიდავით ოსეფაშვილი, ბესიკ გარსევანიშვილი, მამუკა მახარაშვილი, არჩილ ჩუბინიძე, ლაშა ჩილინდრიშვილი, დავით გიუტაშვილი, გურამ ბურდული, ნიკოლოზ გელიშვილი და ვაკო გელაშვილი) კარგად ესმის, რომBგალობა ლოცვაა, ამიტომ ისინი არ მღერიან, ლოცულობენ, ანუ გალობენ!

ზოგადად, გუნდის სახეს განსაზღვრავს ხელმძღვანელი, მისი პროფესიონალიზმი, გემოვნება და სულიერობა. სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდის სისადავე, უბრალოება და სიმშვიდე დიდადაა განპირობებული თავად რეგენტის პიროვნებით. ილია ოსეფაშვილის ხასიათში არის რაღაც ბერმონაზვნური, _ ხმაურს, პომპეზურობას, ხელების ქნევის ვნებასა და თავმოწონებას განრიდებული! შინაგანი სიმკაცრე და ასკეტიზმი იდუმალების ესთეტიკას ბადებს მასში და, შესაბამისად, გუნდთან დგომისას არ სჭირდება ზედმეტი მითითებები და შენიშვნები თუნდაც იმაზე, რომ უსმინონ ერთმანეთს და ჩართული იყვნენ ლიტურგიაში (თანამედროვე გუნდები ხომ თავს ვერ აღწევენ წირვა-ლოცვის დროს ამაოდმეტყველებასა და ამსოფლიურ ხმაურს).

სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდის სამგალობლო კილო ილია ოსეფაშვილის მიერ ისეა დამუშავებული, რომ არ იხლართება მუსიკალური ნახაზი და გუნდის ხმოვანება არ გიშლის ხელს ლოცვაში, მიღწეულია ისეთი ბალანსი, რომელიც არ თრგუნავს სიტყვას. სვეტიცხოველში მისული ადამიანი, გარდა იმ თავისთავადი სიწმინდისა, რომელიც აქ სუფევს, გალობის დროს ტოვებს „ყოველი მსოფლიო ზრუნვას“ და უერთდება უმაღლეს უნივერსალიებს. აქ მელოსისა და ლოგოსის საშუალებით შეგიძლიათ ჩაებათ უზენაესთან დიალოგში!

ეკლესიის მამათა თანახმად, სასულიერო მუსიკა კანონიზებული ტექსტის, ლოცვის სამსახურშია. სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი უადვილებს მორწმუნეს ღვთაებრივი სიტყვის შემეცნებას. ილია ოსეფაშვილის გუნდისთვის ნიშანდობლივია ორიენტაცია სიტყვაზე. ამაში მას ეხმარება სვეტიცხოვლის სივრცობრივ-აკუსტიკური გააზრებაც, ის დიდი მადლი და სიწმინდე, რომელიც იქ სუფევს.

ჯერ კიდევ 1910 წელს ჟურნალი `შინაური საქმეები~ დიდი სიყვარულით წერდა ქართული საეკლესიო გალობის მნიშვნელობის შესახებ: `გალობამ შეაყვარა ხალხს ქრისტიანობა, გალობა იზიდავდა უმთავრესად ეკლესიაში მლოცველებს, გალობის დახმარებით გავრცელდა განსაკუთრებით ყველგან ქრისტიანობა~. სვეტიცხოვლის მგალობელ ვაჟთა გუნდის ერთი მთავარი მისია იმაშიც გამოვლინდა, რომ უამრავ ადამიანს შეაყვარა ღვთისმსახურებაც და ქრისტიანობაც. არა მგონია, ამაზე დიდი მიზანი არსებობდეს. ეს უკვე აღარაა ოდენ პროფესიული ვალი, უფრო ცხოვრებად ქცეული ღვაწლია, რომელიც მორჩილებით, სინანულითა და სიყვარულითაა ნასაზრდოები. ილია ოსეფაშვილი, წმინდა ექვთიმე კერესელიძის სიტყვებით თუ ვიტყვით,  გალობას „თავის ბუნების ხმას“ არ უკარგავს და არც „გალობის ღირსებასა და საკუთარი თავის პატივს“ კარგავს.

ნურავის ეწყინება, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენში საეკლესიო გუნდების მდგომარეობა არავის ანაღვლებს. ის მიზერული ანაზღაურება, რომელიც მათ ეძლევათ, უმრავლეს შემთხვევაში, გზის ფულად თუ კმარა. საქართველოს ეკლესიაში დღემდე ვერ მოიცალეს ამ საკითხის გადასაწვეტად. ამიტომ, თითქმის ყველგან დგას გუნდის შენარჩუნების საკითხი. მუდმივი ენთუზიაზმით ეს პრობლემა ვერ დაიძლევა. ძნელი წარმოსადგენია, ასეთი რუდუნებითა და სიყვარულით შექმნილი ერთობა დაიშალოს.  ისე, საკითხავია, საპატრიარქო ტაძართა გუნდებს მაინც რატომ არ აფინანსებს საქართველოს საპტრიარქო?! როდემდე უნდა იყვნენ მგალობლები ასეთ სიდუხჭირეში? ჩვენი ცხოვრების რომელ ეტაპზე და ვინ დაინტერესდება მათი მდგომარეობით, –  საუკუნის გამოცანად რჩება!

ფაქტია ისიც, რომ დღემდე არ არსებობს სვეტიცხოვლის საპატრიარქო  ტაძრის გუნდის არც ერთი სტუდიური ჩანაწერი. ეს იმ ფონზე, როცა ორი-სამი თვის ჩამოყალიბებული (უფრო სწორად, ჩამოუყალიბებელი) ზოგიერთი გუნდი მყისვე იშოვის სპონსორს და იწყებს CD -ის ჩაწერას, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ილია ოსეფაშვილის 15-წლიანი რეგენტობის პერიოდში გუნდს რაიმე სერიოზული ჩანაწერი არ გაუკეთებია. მათ არც სპონსორი ჰყავთ და არც ხელგაწვდილი სიარული შეუძლიათ: არიქა, კარგად ვგალობთ და ჩაგვწერეთო! არადა, ასეთი ხარისხის დაკარგვა დიდი დანაშაული იქნება თაობათა წინაშე. იმედი მაქვს, ვინმე დაინტერესდება და მიზერულ სახსრებს მაინც გამოძებნის ამ საშვილიშვილო საქმის დასაფინანსებლად.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ისევ შეგვიძლია ჩავიდეთ სვეტიცხოველში და, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, შევუერთდეთ მარადისობას – ამ გზაზე იქ ვაჟთა გუნდის „ანგელოზთადმი შემსგავსებული“ გალობაც წარგვიძღვება!

ekle

 

 

banner
წინა სტატიაშიროგორ იხსენებს 13 ივნისს “თაიმერის” ჟურნალისტი ეკა წივწივაძე
შემდეგი სტატიალუკა ფეიქრიშვილი ელისო კილაძის განცხადებას ეხმიანება