საბა მეტრეველი – ესაა თქვენი დემოკრატია და დასავლური ფასეულობები?!

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს:

ის, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, სამწუხაროდ, ამტკიცებს და ადასტურებს, რომ საბჭოური მენტალობა არათუ დავძლიეთ არამედ ჩასაფრებულის პოზიციაშია და თავისი ანტიჰუმანური ძალით დაუნდობლად ამოხეთქს ქართულ კრიზისულ სიტუაციებში. აბა, ერთი, მივიხედ-მოვიხედოთ ირგვლივ; დავაკვირდეთ, რა დღეში ვართ, როგორ წავესიეთ ერთმანეთს და უმოწყალოდ გავიმეტეთ სხვისი ღირსება, სახელი, თანამდებობა, ოჯახი… არ დავტოვეთ წაუბილწველი არაფერი, გადავეშვით სიძულვილის მორევში – ამ ზიზღმა, სისასტიკემ, დაუნდობლობამ, ბინძურმა პოლიტიკამ და პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა ლამის ოჯახები დაანგრიოს, მეგობრები დააშოროს, სამეზობლო გადაჰკიდოს ერთმანეთს.

რა გახდა განსხვავებულის მიღება, მასთან შეგუება?! ნუთუ ესაა ქართველობის ტოლერანტობა, პლურალიზმისა და საწინააღმდეგო პოზიციის შემწყნარებლობის კულტურა?! ესაა თქვენი დემოკრატია და დასავლური ფასეულობები?! განსხვავებული აზრის, მსოფლმხედველობის, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობის გარეშე გინდათ ააშენოთ ევროპული საქართველო?!

ქართული წინასაარჩევნო  რიტორიკა არის წმნიდად ბოლშევიკური – პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქეები ისევ მტრების, მოღალატეების, აგენტების ძიებაში არიან. წესით, ეს ეტაპი გავლილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აგრესიასა და სიძულვილში ჩარჩენილი საზოგადოებისა და მისი შესატყვისი ტელეისტერიის, მედიაზირებული სივრცის წყალობით მივიღეთ  ასეთი მოცემულობა. ერთი ტელევიზია (ყოფილისაგან დარბეული) საომარ რეჟიმზე გადადის, მეორე („ხალხზე გამარჯვებული“) პირდაპირი ეთერიდან პერმანენტულად, მიზანმიმართულად ნერგავს  გინების, ბილწსიტყვაობის, უცენზურობის, სიძულვილის ენას, აღვირახსნილი პარტიულობის „კულტურას“.

გადაიკითხეთ ლავრენტი ბერიას ეს გამოსვლა 1937 წლის 9 დეკემბერს ქალაქ თბილისის საბჭოთა მშრომელი ინტელიგენციის საერთო საქალაქო წინასაარჩევნო შეკრებაზე, იქნებ რამე გენიშნოთ:

 

 

„ქართველი ხალხის საზიზღარი მოღალატეები . ჟორდანია, . წერეთელი, .გეგეჭკორი, . წერეთელი, . ჩხენკელი, გრ. რობაქიძე და სხვა. ერთ დროს თავის თავს სთვლიდნენ ქართული ინტელიგენციის რჩეულ ნაწილად, ქართველი ხალხის წარმომადგენლად. საქართველის მშრომელთა მიერ გაძევებეულნი, ისინი გაიქცნენ თავიანთ საზღვარგარეთელ პატრონებთან. აშკარად და ცინიკურად გახდნენ ფაშისტურ დაზვერვათა აგენტები და ლაქიები. 1924 წელს მათ შესძლეს ქართული ინტელიგენციის ერთგვარი ნაწილისთვის, განადგურებული თავადაზნაურობისა, კულაკობისა და ოფიცრობის ნარჩენებთან ერთად, მონაწილეობა მიეღებინებინათ სისხლიან ავანტიურაში, რომელიც როგორც ცნობილია, მის დამწყებათა სრული განადგურებით დასრულდა. ქართველმა ხალხმა შეაჩვენა ისინი, როგორც ყველაზე მოსისხლე მტრები. მაგრამ ხალხის საზიზღარმა მტრებმა არ შესწყვიტეს თავიანთი ძირგამომთხრელი მუშაობა.

ფაშისტური ოხრანკების აგენტები, მოღალატეები და გამცემები აღმოჩნდნენ პროფესორები: . ელიავა, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, . წერეთელი; ინჟინერი ჭიჭინაძე, რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი . ახმეტელი, მწერლები: . ჯავახიშვილი, . ტაბიძე, საქართველოს საბჭოთა კავშირის ლიტფონდის ყოფილი დირექტორი დ. წერეთელი, ცნობილი მენშევიკი გაიძვერები . ქარცივაძე, ს. დევდარიანი, . მახარაძე და სხვ. ისინი, უკლებლივ ყველანი, ეწეოდნენ ჯაშუშობას, მჭიდრონ იყვნენ დაკავშირებულნი უცხოეთის დაზვერვასთან, აგროვებდნენ და  საზღვარგარეთ ჰგზავნიდნენ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს. არ თაკილობდნენ არავითარ საშუალებას,  ისინი ამზადებდნენ წყლის მოწამვლას ნატახტარის წყალსადენში, ამზადებდნენ ბაქტიოროგიულ დივერსიას..

საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა  ყველა ისინი შეიპყეს, გაანადგურეს და მოსპეს (ხანგრძლივი ტაში) მთელი ქართველი ხალხი ზიზღითა და კრულვით იხსენიებს მათ. ასეთივე ბედი მოელის ყველას, ვინც გაბედავს მძლავრი საბჭოთა ხალხის წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას (ხანგრძლივი ტაში).

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მტრები კიდევ დარჩნენ. უნდა გვახსოვდეს დიდი სტალინის ბრძნული მითითებები, რომ, ვიდრე არსებობს კაპიტალისტური გარემოცვა, ჩვენში გამოგზავნიან ჯაშუშებს, მავნებლებს, ჩვენკენ გამოიწვდიან ბინძურ, სისხლიან ხელებს. ჩვენ კიდევ უნდა გავაძლიეროთ რევოლუციური სიფხიზლე. საბჭოთა ინტელიგენცია ჩვენი ქვეყნის მშრომელებთან ერთად უნდა იბრძოდეს პატიონად, ხალხის მტრების წინააღმდეგ (მქუხარე ტაში)“.

 

banner
წინა სტატიაში„თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ხელყუმბარა შემოიტანეს მისი მკვლელობის მერე”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში