საბა მეტრეველი – დაფიქსირება, დაგემოვნება და ჩამოშლა

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს:

 

თანამედროვე ქართულში ასე დაუნდობლად და სასტიკად გავრცელდა სიტყვა  დაფიქსირება“. ტელეეკრანიდან თუ რადიოდან, პრესიდან თუ ინტერნეტმედიიდან, ჩვეულებრივი ადამიანებისაგან და, სამწუხაროდ, სამეცნიერო წრეებიდანაც ხშირად წაიკითხავთ, მოისმენთ, გაიგიონებთ: „დააფიქსირეთ ბარათები“, „აზრი დავაფიქსირე“, „გამონათქვამები ფიქსირდება“, „კანონშ დაფიქსირებულია“…

ფიქსირება, ფიქსაცია [ფრანგ. fixation] უცხო სიტყვათა ლექსიკონებში ოთხი მნიშვნელობით განიმარტება:

  1. აღნიშვნა, რეგისტრირება, ჩაწერა (ან ჩახატვა) რისამე;
  2. საბოლოოდ განსაზღვრა, დადგენა რისამე;
  3. რისამე დამაგრება გარკვეულ მდგომარეობაში;
  4. ფოტოგრაფიაში ფიქსაჟით დამუშავება.

ეს ტერმინად გამოიყენება მედიცინაშიც – ფიქსაცია E. fixation, Rus. Фиксация,  L. fixatio (ლათ. fixum ვამაგრებ) – და ნიშნავს მორფოლოგიური (ჰისტოლოგიური, ულტრასტრუქტურული და სხვ.) გამოკვლევებისათვის ქსოვილებისა და ორგანოების წინასწარ დამუშავებას ფორმალინით, სპირტით, გლუტარალდეჰიდით, ოსმიუმით და სხვ. განმარტებულია ისიც, რომ ეს პროცედურა უჯრედებს და ქსოვილოვან ელემენტებს უნარჩუნებს მათთვის დამახასიათებელ სტრუქტურულ თავისებურებებსო.

სიტყვა „დაფიქსირება“  იმდენად ახლად შემოსულია ქართულ ენაში, რომ ის მიხეილ ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც კი არ იყო შეტანილი.  გვხვდებოდა მხოლოდ ფიქსაცია – ფიქსირება.

იმდენად შემოეჩვია ჩვენს ყოფას, ისე გადაგვთელა და გადაგვიარა, რომ  სიტყვა „დაფიქსირებულია“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც კი ჩაწერეს.  ასეთი ტოტალური გაღატაკება ენისა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ის უკვე რეალობაა.

ახლა მოწიწებით მივმართავ ჩვენს „ცნობად“ ჟურნალისტებს, ყურებადი“ გადაცემები რომ აქვთ და „კითხვადი“ სტატიებით გვაწონებენ თავს: მესმის, რაოდენ რთულია მხატვრულ ლიტერატურასთან განმარტოება, წიგნის კითხვის კულტურა (ან სად გაქთ საამისო დრო, ან სად შეგი(ძ)ლიათ ამდენი!). ამიტომ, თავი რომ არ შეიწუხოთ და გონება არ გადაგეღალოთ, გამოიყენეთ რეკომენდაციები:

კანონში დაფიქსირებულია კი არა, კანონში აღნიშნულია, კანონით დადგენილია  ან კანონში წერია;

ფიქსირებული ფასები კი არა,  დადგენილი ფასები;

ჩემი აზრი დავაფიქსირე კი არა,  ჩემი აზრი გამოვხატე;

შენს აზრს აფიქსირებ კი არა, შენს აზრს გამოთქვ, გამოკვეთ;

ვაფიქსირებდი კი არა, აღვნიშნავდი, ვამბობდი…

 

დიდი ხანია, ქართველმა ჟურნალისტებმა აიკვიატეს სიტყვა „დაგემოვნება. თითქოს ქართულ ენაში მისი შესატყვისი არ გვქონდეს! წერენ და ამბობენ: დავაგემოვნეთ, დააგემოვნეს…

ჯერ ერთი, აღნიშნული სიტყვები ამ ფორმით არ გვხვდება სალიტერატურო ქართულში. ის თანამედროვე ქართულმა მედიამ შექმნა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონში იპოვება: გემოს გასინჯვა, გემოს ნახვა, გემოს გაუგებს, იგემებს

რა კარგი სიტყვა გვაქვს „ჭაშნიკი“ – სასმლის (ღვინის…) ნიმუში  გემოს გასასინჯად – და აქედან ნაწარმოები დააჭაშნიკებს, დაჭაშნიკება

თუ ესეც არ მოგწონთ, ამდენ დაგემოვნებას  დეგუსტაცია გერჩივნოთ, როგორც გემოს გასინჯვა მისი ხარისხის გასარკვევად; აღარაფერს ვამბობ ზმნებზე: დალევს, მოსვამს, შესვამს

კიდევ ერთიც: სიტყვა ჩამოშლის გარდა, ვერაფერი ვისწავლეთ ნეობოლშევიკური რეჟიმისაგან („ხელისუფლების ჩამოშლა“ 2008 წლის ზაფხულში ითქვა პირველად). ახლა მოგაწვდით მზამზარეულ სინონიმურ ფორმებს – ჩამოშლა, ანუ ჩამოქცევა, ჩამოყრა, ჩამოშვავება, ჩამოზღვლევა, ჩამოზვავება, მოწყვეტა, მოგლეჯა, დანგრევა, ჩამონგრევა, დამზღვლევა, მოწყდომა, ჩამოწოლა, მოსხლეტა (მიწისა, მთისა და სხვ.).

დაბეჯითებით გთხოვთ, კონტექსტის მიხედვით შეარჩიოთ და ისე გამოიყენოთ!

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმოხსენება: მსოფლიოში ყველაზე მეტად ქრისტიანებს დევნიან
შემდეგი სტატიაგამარჯვება გვინდა, გამარჯვება და თან არა ვინმესი- ყველას -სახელმწიფოს გამარჯვება!