საბა მეტრეველი: „აქ შენი ჩუმი ნაბიჯი შეწყდა“ – 60 წელი ისტორიული ექსპედიციიდან

გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე შოთა რუსთაველის ფრესკასთან. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, 1960 წელი.

60 წლის წინ დიდი მნიშვნელობის კულტურულ-ისტორიული მოვლენის წინაშე დადგა ქართველი ერი – იერუსალიმში გამეგზავრა ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია აკადემიკოსების – გიორგი წერეთლის, აკაკი შანიძისა და ირაკლი აბაშიძის შემადგენლობით.
ჯერ კიდევ 1757-1758 წლებში ტიმოთე გაბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა რუსთაველის ფრესკა. გავიდა დრო და ის დაიკარგა, უფრო სწორად, შთანთქა ზეთის საღებავების სქელმა ფენამ. სწორედ, მეცნიერებათა აკადემიის ამ სამეცნიერო ექსპედიციამ 1960 წელს ამღლვებელი მოვლენის პირისპირ დაგვაყენა – აღმოაჩინეს საღებავით დაფარული რუსთაველის ფრესკა, დღემდე რომ რჩება ჩვენი ერის გაუხუნარ და უკვდავ ხატებად.
გზა რუსთაველის ნაკვალევზე, ანუ ზოგადად სვლა რუსთაველისკენ, ღმერთთან დაბრუნების გზაც იყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში “ოტტეპელის” ეპოქის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით განპირობებულმა სოციალურ-კულტურულმა ცვლილებებმა ირაკლი აბაშიძეს, გარკვეულ შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად, კულტურული პოლიტიკის შემქმნელის ფუნქციაც მიანიჭა – რუსთაველი `გააცოცხლა~ და დაუბრუნა არამხოლოდ ქართველ ერს! მან ჩვენი საარსებო და სააზროვნო სივრცე შეავსო ისტორიის უკვდავი წამის გაელვებით… ციკლი `რუსთაველის ნაკვალევზე~ (რომელშიც შედის `პალესტინა, პალესტინაც~), როგორც `ხმათა~ ღაღადი, აუდოვიზუალურ-ნარატიული და ვერბალურ-ნარატიული ტექსტის ზღვარზე გადის და გავსებს რაღაც აუხსნელი ძალით და გრძნობით _ ერთიანობით წარსულთანაც და აწმყოსთანაც. მისი თითოეული ლექსი, მართლაც, `დამთავრებული შემოქმედებითი ფენომენია~ – შ. ნუცუბიძე. ირაკლი აბაშიძემ შეძლო ეპოქის პოეტური ისტორიის შექმნა. ქართულ პოეზიაში რუსთაველის ეპოქის განცდა იშვიათად ასულა ასეთ სიმაღლემდე.
დიახ, სამოცი წლის შემდეგ ვიხსენებთ ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას და კიდევ ერთხელ ვეხმიანებით იმ დიდებულ წარსულს გაკვეთილად და იმის დასტურად, რომ მხოლოდ სულიერ ფასეულობათა ერთგულებითაა შესაძლებელი წინსვლაც და გამარჯვებაც.
ახლა გთავაზობთ ამონარიდებს ირაკლი აბაშიძის „პალესტინის დღიურიდან “:
* * *
1960 წელი
24 ოქტომბერი
ისრაელში ღამით, 24 ოქტომბერს დავეშვით.
ეს შორეული და დამქანცველი ფრენა ჩვენმა მეცნიერებმა – აკადემიკოსებმა აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა – მშვენივრად აიტანეს. მეც – როგორც ყოველთვი…უძილო ღამე, მხოლოდ დილის 4 საათზე ჩაგვთვლიმა.
* * *
26 ოქტომბერი
…მივედით ჯვარის მონასტერთან. სულგანაბულნი მივადექით გალავნის დაბალ, მაგრამ უზარმაზარ ქვაბში მოთავსებულ რკინის კარებს, ზედ საბელით დაკიდებული რკინის ჩაქუჩით მივუკაკუნეთ. ცოტა ხანიც და… სადღაც შორიდან გამობმულმა მავთულმა გადასწია რკინის ურდული. გალავნის კარები გაიღო. მე არ ვიცი, რომელი ჩვენთაგანი უფრო ვაჟკაცურად შევიდა მონასტრის გალავანში. შევედით კი სამივე. გავიარეთ გალავანსა და მთავარ შენობას შუა მოთავსებული დერეფანი, შევუხვიეთ მარჯვნივ, გავცდით ქვით მოპირკეთებულ პატარა ეზოს და მივადექით ეკლესიის პირველ კარებს. გაგვიღეს ეს კარები და მივადექით მეორე ძველ რკინის კარებს. მოიტანეს ვეებერთელა უძველესი გასაღები, ორივე ხელით გადაატრიალეს კარების საკეტში, ეს კარებიც მძიმედ გაიღო და ესეც ჯვარის მონასტრის საყდარი! შევდგით შიგ ფეხი.
სამასი წელი მაინც იქნება, ქართველთაგან აქ არავის უგალობია.
გაკვირვებული შემოვიდა მონასტრის ახალგაზრდა დიაკვანი ბიკენტიოსი, მოგვისმინა, მოგვაჩერდა, აგვზომ-დაგვზომა და წყანარად თქვა: მონასტრის ნამდვილ და ძველ პატრონებს დღესა ვხედავო.
…შევდგით ფეხი და თვალებით პირდაპირ ვეძგერეთ (შეიძლება ცოტა უხეში იყოს, მაგრამ სხვა გამოთქმა ვერ მიპოვია) კედლის მოხატულობას, ფრესკებს, წარწერებს, ჩქარა, ჩქარა, ქართული წარწერები ძველ ქართველ მოღვაწეთა პორტრეტები!
მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით. სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?… შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ, შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად: მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი. სწორედ აქ, აი აქ უნდა იყოს რუსთაველიც, – ვამბობთ ჩვენ. აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება. სასწრაფოდ სანთელს ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. თვალმუშორებლად ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ: „ამსა დამხატ“… „ამისა დამხატავსა“, უსათუოდ „ამისა დამხატავსა“ – ამბობს გიორგი წერეთელი, – აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით, მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი!

* * *
6 ნოემბერი
კვირაა. ადრიანად მივდივართ საქმეზე. მონასტრის კარებს გვიღებს ბიკენტიოსი, დღეს მისი უქმე დღეა. ვეკვეთეთ რუსთაველის შავ საღებავს ახალი საშუალებებით, რომლითაც დღეს უკვე აღჭურვილები ვართ ფრესკების წმენდის სპეციალისტებისაგან. გამოდის, გამოდის… მივყვებით მაღლა, სულ მაღლა. გამოჩნდა თეთრი წვერი, ერთმანეთს ვენაცვლებით, ვღელავთ, ვფუსფუსებთ. სახეს რომ მივუახლოვდით, ვცდილობთ ზედმეტი ძალა არ დავატანოთ მარჯვენას, ერთმანეთს ვაფრთხილებთ, ალერსით, მსუბუქად ვწმენდთ, გვეშინია თვით რუსთაველის პორტრეტზეც არ ვიმოქმედოთ. სასწაულია, რუსთაველის სურათის ფერებს არაფერი ეკარება, თუ რუსთაველის სურათის ფერები არ იკარებს არაფერს, იწმინდება და ანათებს ისე, როგორც ოდესღაც უნათებია.
* * *
ნაშუადღევი, 6 ნოემბერი
ვაშა, გამოჩნდა, გამოჩნდა, დიდებული სახე ბრძენი მოხუცისა! ამაყი, მაგრამ ღრმად კაეშნიანი… თითქოს ნაცნობი სახე, საოცრად ნაცნობი სახე…
მთელ სვეტზე აღმართული წმინდანების იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის- ფერხთა შორის დგას იგი, ხელაპყრობილი. „ამისა დამხატავსა შოთასა შეუნდვეს ღმერთმან ამინ“. ხოლო ქვემოთ პორტრეტზე „რუ-სთვლი“. თეთრად გამოანათა მსხვილმა ქართულმა ასომთავრულმა. ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს. აწ ვეღარსად დაგვეკარგება. ვერავინ წაშლის ჯვარის მონასტრის შოთა რუსთაველს. იგი ჩვენია დღეს, ჩვენს ხალხს ეკუთვნის!
* * *
რაოდენ სასიხარულოა, რომ ახლახან ამ თარიღთან დაკავშირებით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მეუფე ფილუმენუსმა ქართველი საზოგადო მოღვაწეების – ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის, აგრეთვე, შოთა რუსთაველის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორისა და საელჩოს წარმომადგენლები ერთად ლოცულობდნენ წინაპართა სულებისათვის – ასეთი ერთობა რუსთაველის საქართველოსთან ზიარებაცაა!
* * *
XXI საუკუნის უსულო და უღმერთო ცივილიზაციის ეპოქაში ისევ გვიხმობს შოთა რუსთაველის ფრესკული პორტრეტი, გვიხმობს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტი – სვეტი ნათლისა და სიბრძნისა, სვეტი სევდისა და ტკივილისა იმის გასააზრებლად, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე და როგორი ორიენტირებით უნდა ვიაროთ სამომავლოდ.
ერთობა რუსთაველთან სიბრძნის, რწმენის, სულის სიმაღლის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ჰუმანიზმის რეალური გზაა. მტკიცედ და შეურყევლად უნდა ვიდგეთ ამ გზაზე!!!

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მკაფიო იყო პომპეოს გზავნილი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე
შემდეგი სტატიამაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა