ნორმალურ ვითარებაში ოთარ ფარცხალაძეს არ უნდა ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს და უნდა იქნას დაპატიმრებული – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ “ეფ ეს ბეს” აგენტობაში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
ბუაძის თქმით, იმ პირობებში, როცა “ხელისუფლება პუტინის რუსეთს ემსახურება”, დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ხელშეუხებელია:
მაგრამ ქართული ოცნება არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს. პუტინის ინტერესებშია, რომ ის საძალაუფლებო ვერტიკალი, რომელიც ივანიშვილის ირგვლივ არის შემოკრებილი, თავისუფლად აგრძელებდეს ძირგამომთხრელ საქმიანობას ამ ქვეყანაში და ზუსტად ამიტომ დასეირნობს ფარცხალაძე თავისუფლად საქართველოში.
დასანქცირებული ყოფილი პროკურორი თბილისში კომპანია “აზიმუტის” რეისით გუშინ ჩამოფრინდა. რუსეთის მოქალაქე, რომელიც შტატებმა დაასანქცირა და რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ამხილა, საქართველოს საზღვარზე რუსული პასპორტით სრულიად უპრობლემოდ შემოუშვეს.
“პირველების” ინფორმაციით, ფარცხალაძე თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე საათით საგანგებოდ ჩამოფრინდა.