საბა ბუაძე – მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, „ლელო“ მზად არის, მოლაპარაკებები გაგრძელდეს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ჩიხში „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა.

ამასთან, საბა ბუაძე იმედოვნებს, რომ პარტნიროების ჩართულობით მოლაპარაკების პროცესი კვლავ გაგრძელდება.

„როგორც არ უნდა ეცადოს კობახიძე, რომ ახლა იარლიყები ჩამოარიგოს ოპოზიციაში, ლელო-ს არაკონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალად გამოყვანა მას არ გამოუვა, ვინაიდან ჩვენ ახლაც ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკების დასრულების ერთადერთ გზად მიგვაჩნია შეთანხმება. სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ეს მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, ახლა თითის გაშვერით არის დაკავებული. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და მთელმა საზოგადოებამ იცის, ვინ შეიყვანა ეს მოლაპარაკებები ჩიხში და„ ქართულ ოცნებას“ ახლა ამ ფორმით თავის დაძვრენა ნამდვილად არ გამოუვა.

ჩვენ გამოვხატეთ კომპრომისი ყველა მიმართულებით, რომელიც მიშელის მიერ შემუშავებულ ექვსპუნქტიან დოკუმენტში იყო. ყველა მიმართულებით მზად ვიყავით დათმობისთვის და ის, რომ ჩვენ მიმდინარე პოლიტიკური დევნის პირობებში, მათ შორის ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის პირობებში ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ და ვამბობთ, კრიზისი მოლაპარაკების გზით უნდა განიმუხტოსო, არის ყველაზე დიდი დემონსტრირება იმ კეთილი ნების, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ პროცესის მიმართ. დათმობები გვქონდა ყველა მიმართულებით, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდოდა დათმობა, „ქართულ ოცნებას“ უნდა ოპოზიციის კაპიტულაცია და ქართველი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა, რასაც ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიხოშტარია – არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა
შემდეგი სტატიავაქცინაციაში 65 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვებიან