საარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

სასტუმრო “რედისონში” საარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსს განიხილავენ, რომლითაც ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის 2020 წლისათვის გადადება მიუღებელია. ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტები არადამაჯერებელია, ისინი ხელისუფლებისგან პასუხს 15 აპრილამდე ელოდებიან.

“ხვალინდელი შეხვედრის მიზანია გარკვეული კონსულტაციები ვაწარმოოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორთან. მათ მივაწვდით ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკება. პრინციპში აქ ბევრი არაფერია სათქმელი, რადგან ხელისუფლება ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის არაფერს არ აკეთებს. მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებაც მოვახდენთ არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებას” – აღნიშნა “ნიუპოსტთან” ზურაბ ხარატიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასიურობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით „Marlboro“- ს სიგარეტის უაქციზოდ შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-სა და “ტვ-საქართველოს” ორი სარჩელის განხილვა დაიწყო