“საარჩევნო სიის გადახალისება მოხდება, მაგრამ კანდიდატების პროფესიების მიხედვით გამიჯვნა, სწორი არ იქნება”

rezonansi

საარჩევნო სიის გადახალისება ნამდვილად მოხდება, მაგრამ დეპუტატობის კანდიდატების პროფესიების მიხედვით გამიჯვნა, სწორი მიდგომა არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა. “საარჩევნო სიაში ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან. რა თქმა უნდა, ახალი სახეებიც საჭიროა. ნამდვილად მოხდება სიის გადახალისება, მაგრამ პირდაპირ გამიჯვნა, თუ რომელი პროფესიის ადამიანები უნდა იყვნენ, ეს მთლად სწორი მიდგომა არ არის. ბუნებრივია, ბევრი ეკონომისტი, ბევრი ფინანსისტი, ბევრი იურისტი, კანონშემოქმედებაში ჩართული ადამიანი იქნება სახარბიელო, მისაღები და კარგი, მაგრამ ნუ გავავლებთ ზღვარს და მიჯნას, ვინ უნდა იყოს და ვინ – არა, რადგან ყველა პროფესიას თანაბრად ვცემ პატივს. ვფიქრობ, რომ ყველა პროცესიის ადამიანს აქვს უფლება, საკანონმებლელო ორგანოში იყოს ხალხის წარმომადგენელი,” – განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ. პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. “არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება. “ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან ” მოლაპარაკება ტექნიკურ ხასიათს ატარებს