საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით, ცესკო-ს ამ დროისთვის ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა

საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისათვის ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა, ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ლელო საქართველოსთვის“.

როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის პირველი პროცედურაა, რომელიც ცესკომ სამ დღეში უნდა დააკმაყოფილოს.

„დღევანდელი დღეც მართლაც შავი ლაქა იქნება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად, გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ ბუნებრივია, ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას, ამიტომ ვაგრძელებთ ამ იურიდიულ პროცედურას, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ პარლამენტში.

ჩვენ შემოვიტანეთ დღეს ცესკო-ში საარჩევნო ბლოკის- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით განცხადება, რომლითაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას.

თუ ჩვენ ახლა მივმართავდით განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, გაიხსნებოდა სია და შემდგომ უკვე პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით დანარჩენ 36 დეპუტატს ექნებოდა საშუალება, რომ მათი უფლებამოსილება ცნობილიყო ქართული ოცნების პარლამენტის მხრიდან. ახლა როდესაც ჩავხსნით ამ სიას, ამ ადამიანებსაც აღარ ექნებათ უკვე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დარჩება მარტო ის 36 დეპუტატი, რომლის უფლებამოსილებაც ძალით ცნეს და შემდგომ უკვე ის 36 დეპუტატი მიმართავს პარლამენტს განცხადებით, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს და ამით იურიდიულად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. დაახლოებით სამ სამუშაო ვადაში უნდა დაკმაყოფილდეს პროპორციული სიის ჩახსნის მოთხოვნა ცესკო-ს მხრიდან, თუ არ გამოსცემს ავტომატურად ჩახსნილი იქმება სია და დაახლოებით უკვე 17-ში ჩვენ ,პარლამენტის წევრები მივმართავთ, რომელთა უფლებამოსილება დღეს ძალით ცნეს, მივმართავთ პარლამენტს რომ უფლებამოსილება შეწყვეტილ იქნას. პარლამენტს აქვს დაახლოებით ორკვირიანი ვადა რომ ეს განცხადებები განიხილოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – მძიმე ბრძოლა გველოდება მიტაცებული ხელისუფლების დასაბრუნებლად
შემდეგი სტატიამეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერატი აირჩიეს