საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით უქმდება ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის კვოტირების მექანიზმი გამოუსადეგარია. მათი თქმით, გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც აღნიშნული ნორმა შეიქმნა.
„სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ აქვს. ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს. კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა რთულია. კვოტები რომ ქალთა გაძლიერებას არ უკავშირდება, ამას ბევრი ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს, მათ შორის არის რუანდა, ქვეყანა სადაც ქვედა პალატაში 80 ადგილიდან 49 ქალს უკავია, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები სანიმუშოდ არის დაცული, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება არაკონსტიტუციურად ცნო“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით პარტიებს უფლება ექნებათ, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60 წევრისა.