საარჩევნო სია და ახალი სახეები ,,ქართულ ოცნებაში”

ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე მუშაობა დასრულებულია.
სიის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება. “მთელმა კვირამ” არაოფიციალურად მოიპოვა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა და პარტიული სია.
გამოცემის ინფორმაციით, ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის ნაცვლად თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული დასახელდება.
თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი პოეტი დავით მაღრაძე იქნება.
ქუთაისში სამი მაჟორიტარიდან ერთ-ერთ კანდიდატად წარადგენენ ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიას, რომელიც მანამდე იმერეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
ქუთაისში მეორე კანდიდატად ასევე განიხილებოდა ახლანდელი მერი შოთა მურღულიაც.
ხარაგაულ-ბაღდათში შერჩეულია ინტელექტ კლუბის “რა? სად? როდის?” წევრი დავით ლომინაძე.
ფოთში ორიდან ერთ-ერთ კანდიდატად გადაწყვეტილია სალომე ზურაბიშვილის დასახელება.
სოსო დანელია მარტვილი-აბაშის ოლქში.
ზუგდიდში ორიდან ერთ-ერთი, დიდი ალბათობით სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია იქნება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია.
ოზურგეთში იგეგმება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის წარდგენა, ლანჩხუთი-ჩოხატაურში – თემურ ჭკუასელის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. ამ ორს თუ მაჟორიტარად არ წარადგენენ, პარტიულ სიაში ადგილები მაინც გარანტირებული აქვთ. ისევე, როგორც ოზურგეთის ამჟამინდელი მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება სიაში.
ზაქარია ქუცნაშვილის დაყენება იგეგმება დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის გაერთიანებულ ოლქში;
ასევე გარკვეულია, რომ მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძე იყრის კენჭს, გედევან ფოფხაძე კი ისევ ბორჯომში განიხილება.
მოქმედი მინისტრებიდან კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად უნდა დასახელდეს; სოზარ სუბარი – თბილისის რომელიმე რაიონში. ასევე განიხილება თეა წულუკიანის შესაძლო მაჟორიტარობაც თბილისის რომელიმე რაიონში.”წერს რეზონანსი
გამოცემის ინფორმაციით, საჩხერეში “ოცნებას” საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და “კონსერვატორ” პაატა კვიჟინაძის გამარჯვებაზე იმუშავებს. საერთოდ შეთანხმებაა, რომ იმ ოლქებში, სადაც “კონსერვატორები” დააყენებენ კანდიდატებს, “ქართული ოცნება” მაჟორიტარს არ დაასახელებს. მაგალითად, რუსთავში ორი მაჟორიტარიდან ერთი “კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგური იქნება, მეორე – “ქართული ოცნებიდან”.
ასევე სამეგრელოშიც – ხობში თითქმის გადაწყვეტილია, კენჭი “კონსერვატორმა” გიგა ბუკიამ იყაროს. თუმცა, ასევე განიხილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც.
როგორც |”რეზონანსი” წერს მომავალ დეპუტატებად განიხილებიან ყველა ისინი, რომლებიც პარტიის ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭოს წევრებად დასახელდნენ. ნაწილი მაჟორიტარებად იყრის კენჭს, ნაწილი პარტიული სიაში იქნება. პოლიტსაბჭოს წევრებიდან ერთადერთი დავით საგანელიძე არ იქნება არცერთ სიაში. როგორც თავად აცხადებს, ის დეპუტატობას საკუთარი სურვილით დაემშვიდობა.
მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მას შეცვლილი კანონით სიაში მოხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგომაც არ მოუწევს. განსხვავებით კალაძისგან, რომელიც სამტრედიაში კენჭისყრის გამო უნდა შეელიოს მინისტრის სავარძელს.
პოლიტსაბჭოს წევრებიდან პარტიულ სიაში აუცილებლად იქნებიან: გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, თუმცა ბესელიაზე საუბარია, რომ შესაძლოა, მან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.
ასევე სიაში იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ტრიპოლსკი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ირაკლი სესიაშვილი.
გამოცემა “ქართული ოცნების” ახალ საახებზეც წერს:
“სიაში ძველ დეპუტატებს ახლებიც შეემატებიან: ბიზნესმენი, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი დავით კოღუაშვილი; ორგანიზაცია “ადვოკატთა ალიანსის” ექსთავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” წევრი ირინე ფრუიძე; ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან კაკულია; შს სამინისტროს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი აკაკი ზოიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.
საუბარია იმაზეც, რომ პოლიტსაბჭოს წევრად დასახელება არ ისურვა, მაგრამ პარტიულ სიაში განიხილება თამარ ჩუგოშვილიც. ასევე განიხილებიან: “2030”-ის ექსპერტებიდან მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძეც, განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძეც და “ქართული ოცნების” საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილიც.
ასევე საუბარია იმაზეც, რომ არჩილ თალაკვაძეს შს სამინისტროდან პარტიის სიაში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეჰყავს.
ზოგადად, გაცხადებულია ის, რომ გუნდში არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე ექნებათ განსხვავებული მოსაზრება. ასევე ნაკლები მსახიობი და სპორტსმენი იქნება მომავალ სიაშიც. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სიაში არ განიხილება ან ბოლო ნომრებად მიიჩნევა მოქმედი დეპუტატების ნაწილიც, მაგალითად, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი, ომარ ნიშნიანიძე, ზვიად ზვიადაური და სხვები”,-წერს “რეზონანსი”.

banner
წინა სტატიაშიპასკალ მონე: ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაციის პროცესი სექტემბრისთვის დასრულდება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა