საარჩევნო პლაკატის გამო ქუთაისის მერიის დაცვასა და გოგი წულაიას შორის დაპირისპირება მოხდა

“პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი წუალიამ, მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე საარჩევნო პლაკატები გააკრა.

როგორც წულაია აცხადებს, ამ ფორმით მან, ქალაქის მასშტაბით, სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განათების ბოძებზე გაკვრა გააპროტესტა.

პლაკატის გაკვრის შემდეგ გამო წუალიასა და მერიის დაცვის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

“ყველა არჩევნებზე ეს ხელისუფლება ანდერძივით აკოპირებს “ნაციონალების” დროს მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც ქალაქში გარკვეულ ადგილებზე იკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა. მათ შორის, ერთ-ერთია განათების ბოძები. ამის მიუხედავად, პირველმა ეს კანონი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა დაარღვიეს. იმის მაგივრად, რომ სხვას მისცენ მაგალითი, პირიქით, წახალისება ხდება სხვა კანდიდატების”, – განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარზე რეაგირებას მოახდენენ და პარტიებს, რომელთა პლაკატებიც აკრძალულ ადგილებზე აქვთ გაკრული, წერილობით თხოვნას გაუგზავნიან და მომხდარის გამო, შესაძლო დაჯარიმების შესახებ აცნობებენ.

“დღეს ჩვენ ყველა პარტიას, ვინც ასეთ ადგილებში აკრავს სააგიტაციო მასალებს, გავუგზავნით წერილობით თხოვნას. თუ 5 დღის ვადაში არ ჩამოხსნიან პლაკატებს, დაჯარიმდებიან”, – განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას განიხილავენ
შემდეგი სტატიათეიმურაზ ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს