გია ჟორჟოლიანი: საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არა ტექნიკური, არამედ ფუნდამენტური ცვლილებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ფუნდამენტური ცვლილებებია.

როგორც ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ქვეყანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, თანასწორი იქნება.

ჟორჟოლიანი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ტექნიკური ცვლილებები არ არის.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ტექნიკური ცვლილება. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამიერიდან საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი ქვეყნის ბედის და მართვის გადაწყვეტილების მიღებისას. აქამდე ზოგიერთს ჰქონდა პრივილეგირებული მდგომარეობა, მათი ხმა 20-30-ჯერ უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე სხვისი. ყველა მეგობარი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვიწოდებდნენ, ან ეს შეგვეცვალა, ან სხვა პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით“,- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

პოლიტიკოსის განმარტებით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს დემოკრატიისთვის მხოლოდ პროპორციული არჩევნები იყოს დამახასიათებელი.

„დღეს საქართველოში არის ყველაზე კარგი დრო, რეალური პარტიების ჩამოყალიბებისთვის, მეტია დემოკრატია, მეტია სიტყვის და მედიის თავისუფლება, რამაც უნდა უზრუნველყოს მომავალში ისეთი პირობების შექმნა, როცა ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პარტიებში და პარტიები ნამდვილად საზოგადიებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებად გადაიქცევიან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, პროპორციული არჩევნები უფრო ეფექტური იყოს. მაგრამ ის, რომ მხოლოდ პროპორციული არჩევნებია დემოკრატიისთვის დამახასიათებელი, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე დავით უსუფაშვილისაგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოწინააღმდეგე ადამიანების დასახელას სთხოვს
შემდეგი სტატიამოძრაობა მლეთა–კობის მონაკვეთზე ამ დრომდე პარალიზებულია