საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებები შედის – ოპოზიციის შეფასებები

ბოლო ცვლილებებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივებში შედის რიგი შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს მოქალაქეების მონაწილეობაზე საარჩევნო პროცესში. მათ შორის:

საარჩევნო კომისიის წევრად ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ერთხელ მაინც დაჯარიმებულია გზის გადაკეტვის ან პროტესტის სხვა ფორმაში მონაწილეობის გამო.

ასევე ვერ დანიშნავენ პირს, რომელსაც საპროცესო ან სისხლის სამართლის მსჯავრი აქვს.

იზღუდება საარჩევნო უბანზე აუდიოჩაწერა და ვიდეოგადაღება.

საარჩევნო უბნიდან ერთხელ გაძევებულ პირს მომავალში პროცესში მონაწილეობა ეკრძალება.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მე-15 ცვლილებაა საარჩევნო კოდექსში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ ცვლილებებით საარჩევნო კოდექსი ივანიშვილის პარტიის ინტერესებზეა მორგებული. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე დარწმუნებულია, რომ “ოცნება” ნიადაგს იმზადებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

“ფაქტობრივად ვიღებთ იმას, რომ ნებისმიერი საარჩევნო უბანი ხდება “ქართული ოცნების” პარტიული ოფისი. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ისინი 2028 წლამდე არ ემზადებიან ე.წ. არჩევნების ჩასატარებლად, ჩემი ღრმა რწმენით ისინი განიხილავენ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ოღონდ, არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, არამედ არჩევნების, სადაც ემიგრანტები ხმას ვერ აძლევენ, სადაც დამკვირვებლები არ არიან”, – ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში ამგვარი ცვლილები ცხადყოფს, რომ ივანიშვილი შეშინებულია.

“ეს ნიშანია იმისა, რომ მას ეშინია მაქსიმალური მობილიზების, მას ეშინია არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის, ეშინია დაკვირვების პროცესის, ეშინია კომისიის წევრებად ისეთი აქტივისტების ყოფნის, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ, რომ გააკონტროლონ საარჩევნო პროცესი და მიიღო ერთ-ერთი ამკრძალავი ნორმა, რომლის მიხედვითაც დაჯარიმებულ მოქალაქეს არ შეუძლია, იყოს კომისიის წევრი. ბუნდოვანი მუხლები ჩაწერეს, რომლის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა შემდეგ მისცემს მის დაქვემდებარებაში მყოფ ცესკოს. ამიტომ მთელი ეს დანაშაულებრივი ჯაჭვი ქმედებებისა, რასაც ივანიშვილი ჩადის, აუარესებს ამ ქვეყანაში დემოკრატიას, თუმცა კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ ივანიშვილს ეშინია საზოგადოების”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ციხიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ საქართველოში დააკავა
შემდეგი სტატიადაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით