საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო იუსტიციის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმების შედეგად, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ 2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მსოფლიოში კი, 128 ქვეყანას შორის 42-ე ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს რვაწლიანი მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2012 წლის ნოემბერში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სათავეში ჩაუდგა სასამართლო სისტემის საკანონმდებლო რეფორმას. პირველი ტალღის ფარგლებში, რომელიც 2013 წლის მაისში წარმატებით დასრულდა, განხორციელდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დეპოლიტიზაცია;

მოსამართლე მაქსიმალურად გახდა დაცული გარე ზეწოლისგან; უზრუნველყოფილ იქნა შიდა პროცესების დემოკრატიზაცია; დაიხვეწა დისციპლინური დევნის პროცედურები; სასამართლო დარბაზებში დაშვებულ იქნა სატელევიზიო კამერები – სასამართლო პროცესები ფართო საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოექცა.

2014 წლის შემოდგომაზე განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი, რომლის შედეგადაც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში პირველად იქნა შემოტანილი მოსამართლის უვადო განწესების პრინციპი და მასთან ერთად მოსამართლის შეფასების ინსტიტუტი.

2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში დასრულდა საკანონმდებლო რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის მთავარი მიზანიც მოსამართლის შიდა დამოუკიდებლობის განმტკიცებაა. რეფორმის შედეგად მკაფიოდ ჩამოყალიბდა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები და დადგინდა მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის განწესება მხოლოდ კონკურსის წესით; გაიზარდა სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. გაიზარდა უზენაესი სასამართლოს როლი და გაფართოვდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები. დასაშვებად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, თუ იგი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენას.

ამ რეფორმების შედეგად, მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდით მესამე კომპანიის – „Ipsos Public Affairs France“ – 2018 წლის კვლევით:

რესპონდენტთა 55% თვლის, რომ სასამართლო არის სამართლიანი;
რესპონდენტთა 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სასამართლო არის სანდო;
რესპონდენტთა 51% მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს;
რესპონდენტთა 52%-ის აზრით, სასამართლო სერვისები გაუმჯობესდა;
რესპონდენტთა 49%-ის აზრით, სასამართლო გახდა უფრო ღია და გამჭვირვალე;
რესპონდენტთა 46%-ის აზრით, დაიხვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა;
რესპონდენტთა 39%-ის აზრით, საგრძნობლად შემცირდა კორუფცია სასამართლო სისტემაში.
ამასთან, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ
შემდეგი სტატიაგამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე