საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია გრძელდება

„ტვ პირველი“ აგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიას. 28 სექტემბერს გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომლის ნათესაური კავშირები თუ სხვა ტიპის ნაცნობობა იმგვარად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ამის გამო მათი საქმიანობა მიკერძოებულია.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ რეპორტაჟის მზადების პროცესში მიმართა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს დაეცვათ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და მათთვის საინტერესო ინფორმაცია ოფიციალურად, კანონის შესაბამისად მიეღოთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან. მიუხედავად ამისა, მათ არჩიეს ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური ფორმები. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის პრევენციული განცხადება აღნიშნულ რეპორტაჟთან დაკავშირებით ტელეკომპანიის მხრიდან ინტერპრეტირდა როგორც ტვ პირველთან თანამშრომლობის გაწყვეტის მუქარა და აკრედიტაციის გაუქმების მცდელობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამის დასტურია „ტვ პირველის“ ის გადაცემები, რომლებშიც ამ განცხადების შემდგომ ცესკოს თავმჯდომარე და უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
რეპორტაჟში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა. მათ შორის, თანამშრომლების საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყების დრო, მათი სამსახურებრივი პოზიციები და გავლენები, სამსახურიდან წასვლის მიზეზი და ა.შ. ასევე, ზოგ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კავშირში მყოფი პირების საქმიანობის შესახებ. ინფორმაციით მანიპულაციის გზით კი რეპორტაჟის ავტორი ცდილობს მაყურებლებში შექმნას აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან მიკერძოებულნი.
სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემების არაეთიკურად მოპოვების და ამ ინფორმაციით მანიპულაციის პირველი შემთხვევა. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ნათესაური კავშირი და არც მათი საქმიანობა არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა ობიექტურმა მხარემ მათი საქმიანობა უნდა შეაფასოს კონკრეტული ქმედებებით და გადაწყვეტილებებით.
კადრების შერჩევისას საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, რომელიც არ ითვალისწინებს მათი ნათესაური თუ სხვა სახის კავშირების დადგენას. ინსტიტუციაში შესაძლოა იყო და ახლაც არიან დასაქმებული სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების ან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა ოჯახის წევრები, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინსტიტუცია თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისას ხელმძღვანელობს მათი პროფესიონალიზმით და არა რომელიმე სხვა კრიტერიუმით. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი თანამშრომლებს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მაღალ სტანდარტს უწესებს. სწორედ ამ სტანდარტებით მუშაობს ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომელი, მათ შორის რეპორტაჟში ნახსენები პირები და ამ ადამიანების პოლიტიკურ მიკერძოებაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რეპორტაჟის მომზადების მიზანს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გარკვეულწილად ზეწოლა, მათი დისკრედიტაციის საფუძველზე კი უწყების მიმართ ნდობის შერყევა წარმოადგენს.
მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არაობიექტურ და მიკერძოებულ კამპანიებს, რაც პირდაპირ აზიანებს საარჩევნო პროცესს და ორიენტირებულია არჩევნებისადმი ნდობის შემცირებაზე.
თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის იყო და იქნება თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და ამ ინტერესების შელახვის თითოეულ ფაქტთან მიმართებაში კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი კახელებს აღა მაჰმად ხანზე ელაპარაკება და სამი-ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა – ხაზარაძე
შემდეგი სტატიასაერთაშორისო გამჭვირვალობა: ანტიკორუფციულის გამო ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით