ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ახლა კი უკვე სააპელაციო სასამართლოში, ადვოკატები ცდილობენ მოსამართლეს დაანახონ განსხვავება თავდაცვასა და თავდასხმას შორის. მათე დევიძის საქმის განხილვისას დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.
სხდომაზე, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ადვოკატმა განმარტა, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი, მათი შეფასებით, პოლიტიკურად კომფორტული გადაწყვეტილება იყო. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სხვა ახსნა ვერ მოიძებნება საქმეზე, სადაც ბრალდებული პოლიციელის მხრიდან შესაძლო ძალადობისგან თავს იცავდა.
პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ახალგაზრდა მუსიკოსს სამართალდამცავზე თავდასხმას ედავებიან. ნინო გალუსტაშვილის განაჩენით, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში ამ ვერდიქტის სრულად გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სასჯელის სიმკაცრეს არ შეესაბამება.
ამასთან, პროკურატურა არსებულ სასჯელს არასაკმარისად მიიჩნევს და უფრო მკაცრი განაჩენის მოთხოვნით გამოდის.
მათე დევიძე უკვე 11 თვეზე მეტია განსასჯელის სკამზე ზის და უსმენს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, რომელიც, დაცვის მხარის თქმით, მის მრავალწლიანი პატიმრობით დასჯას ცდილობს მხოლოდ ერთი გარემოების გამო – ძალადობის შიშით გამოწვეული თავდაცვის ფაქტის გამო.
დღევანდელ სხდომაზე მათე დევიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც, მისი თქმით, დაუმორჩილებლობისა და უწყვეტი პროტესტის სიმბოლოდ იქცა.













