სააპელაციო სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

პროკურატურა რუსეთში მომუშავე ქართული ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს საქმეში არსებული ჩვენებებიც.

ბრალდების მხარე დაკავებულების მოტივებზე ამ დრომდე არ საუბრობს.

banner
წინა სტატიაში“თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”
შემდეგი სტატიაორი არჩევანი გვაქვს, დავიცვათ წესები ან შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები, რისი რესურსიც ქვეყანას არ გააჩნია – ნათია მეზვრიშვილი