სააპელაციო სასამართლომ ლაშა კვირკვაიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის N6 განყოფილების ყოფილი უფროსის, ლაშა კვირკვაიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოში დღეს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ გამოაცხადა.

ლაშა კვირკვაიას პროკურატურა ძალადობის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც ადვოკატ გიორგი მდინარაძის პოლიციის განყოფილებაში ცემას გულისხმობს. ამ საქმეზე კვირკვაია პირველი ინსტანციის სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა. სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, ხოლო ბრალდებული ყოფილი პოლიციელი – გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას.

ლაშა კვირკვაიას განცხადებით, გამოძიებას მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.

„სახელმწიფოს აქვს პირადი ინტერესი ჩემს მიმართ და ეს ჩანს ყველა მოქმედებაში. საბედნიეროდ, საქართველოთი არ მთავრდება სამართლისთვის ბრძოლა. წავალთ სტრასბურგში. გავა 9-10 წელი და შვილიშვილებს ვეტყვი, რომ 10 წლის შემდეგ გამამართლა სტრასბურგმა. მანამდე ამ უაზრო ბრალდებით უნდა ვიცხოვრო“, – განაცხადა კვირკვაიამ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი მდინარაძეც უკმაყოფილოა.

„ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და დადგინდება სიმართლე. ყველა ის პირი, ვისაც ამ უკანონო გადაწყვეტილებებში ბრალი მიუძღვის, აუცილებლად აგებს პასუხს“, – განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის საქმის გამო ნანი ბრეგვაძემ შესაძლოა მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმოს
შემდეგი სტატიათალაკვაძე : ოპოზიციას რეზოლუციის ჩვენი ვერსია შევთავაზეთ, ველოდებით პასუხსს