სააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ პარტნიორთა კრების მიერ “მაესტროს” დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ქმედებით ძალაში დატოვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დირექტორის გათავისუფლების შესახებ.

“ჩემს შემთხვევაში ორჯერ საქალაქო და ერთხელ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი სამ კვირაში განიხილა კიდეც და პასუხიც მითხრა დირექტორი მე უნდა ვიყო, თუ არ უნდა ვიყო. ხოლო მამუკა ღლონტს, რომელსაც გია გაჩეჩილაძის 25%-იან წილთან დაკავშირებით ორი თვეა სარჩელი შეტანილი აქვს, ამას რატომღაც სასამართლო არ იხილავს. აქ ვხედავ ორმაგ სტანდარტებს. მთავარი, რაც არის, გიას წილის არსებობა, ეს არ იხილება დაჩქარებული წესით და ჩემი დირექტორობის საკითხი იხილება სუპერდაჩქარებული წესით. ეს მიქმნის საფუძველს ვიფიქრო, რომ სწორედ აქ არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა და ის არ არის ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი. ხელისუფლების ჩარევა აქ ჩანს, თორემ მოსამართლე კეტს ვერ ჩამარტყამს თავში”, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

მისივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრში შეტანილი აქვს სამი საჩივარი და ერთი განცხადება, რომელიც გადაბაძის თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს დირექტორად დარეგისტრირებას უნდა უზღუდავდეს.

“ეს უკვე რეესტრის გადასაწყვეტია. თუ ის მოიქცევა კანონის ფარგლებში, ნამდვილად არ უნდა დაარეგისტრიროს ლევანი. თუ ის გადაცდება კანონს, მაშინ ბუნებრივია შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ახლა საბოლოო სიტყვა არის რეესტრზე”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ და დასძინა, რომ დანებებას და სახლში წასვლას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიგაზპრომმა Bank of China-სგან 2 მილიარდი ევრო კრედიტი აიღო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე მოელის, რომ ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს