სააპელაციო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დოლიძე და მისი ადვოკატები გასული წლის თებერვალში მოსამართლეთა 14 კანდიდატის მიერ გასაუბრებისას ანა დოლიძის აცილების მოთხოვნას ასაჩივრებდნენ და დაუსაბუთებლობის მოტივით გადაწყვეტილების ბათილობას ითხოვდნენ.

საქმის განმხილველ მოსამართლეთა პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოლების საფუძველი. შესაბამისად, მოსამართლე გიორგი ტყავაძის განცხადებით, ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ანა დოლიძის ინტერესების დამცველმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მიხეილ ჯახუამ საქმის განმხილველ მოსამართლეთა კოლეგიიდან ორი მოსამართლის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, მოსამართლეები გიორგი ტყავაძე და მარიამ ცისკაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში შედიან, დავაზე მოპასუხე მხარე კი, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ანა დოლიძესთან შეთანხმებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. პარალელურად კი, სარჩელი შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც იგეგმება.

საუბარია 2018 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ კონკურსზე, სადაც საბჭომ უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეთა განცხადებებზე იმსჯელა. კონკურსის დროს 51 მოსამართლიდან 14-მა გასაუბრების პროცესიდან დოლიძის აცილება მოითხოვა და მიზეზად ის საჯარო განცხადება დასახელდა, სადაც ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, შეინარჩუნონ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე“. მოსამართლეების შეფასებით, დოლიძის ეს განცხადება შეურაცხმყოფელი იყო.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ნელ-ნელა ვეჩვევით აქაურობას, ნელ-ნელა ვაკომპლექტებ გუნდს