სააკაშვილთან ურთიერთობებში მისთვის არაფერი შეცვლილა

იუშენკოს თქმით, მსოფლიო და ევროპა უკრაინისადმი არაადეკვატურია

საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ყველა კონფლიქტში რუსეთი არის მხარე„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, არ მგონია, ეს ჩვენი ურთიერთობების საუკეთესო გვერდი იყოს“, – ასე ეხმაურება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

იუშენკო პოლონეთის ქალაქ კრინიცა ზდრუიში სტუმრის სტატუსით იმყოფება. ის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და მას ფორუმის სპეციალური ჯილდო გადასცა.

„მოამბემ” უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შეფასება სთხოვა და სააკაშვილის სამომავლო გეგმასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დღეში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას პოლონეთის საზღვრიდან გეგმავს.

„სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, ჩემთვის ეს შეკითხვა არ დაგესვათ, მაგრამ ვერსად გაგექცევით. მინდა, დასაწყისისთვის, გვერდით გადავდო პირადი ურთიერთობები. პირადი ურთიერთობები ესაა პირადი ცხოვრება, მე ამის არ მრცხვენია და არაფრის შეცვლა შემიძლია.

იმ ურთიერთობებით, რომელიც 10 წლის წინ იყო, ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან კარგი, თბილი, ახლო და ადამიანური ურთიერთობების დემონსტრაცია, რითაც იგებდა ყველა – საქართველოც და უკრაინაც. ამიტომ მე არ მრცხვენია ამ ურთიერთობების.

გულწრფელად გეტყვით სხვა რამესაც, დელიკატურობის გამო მეუხერხულება იმ მომენტების კომენტირება, რომელიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ეხება, შიდაუკრაინული და შიდაქართული ურთიერთობების დონეზე.

რთულია პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირება, როდესც მის ადგილას არ ხარ. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. გულწრფელად გეუბნებით, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ურთიერთობების საუკეთესო გვერდია და რომ ის ჩვენს კავშირს ამატებს რაიმე დადებითს, რაც აქამდე არ გვქონია. ვფიქრობ, ეს უსიამოვნო ისტორიაა“, – აღნიშნა ვიქტორ იუშენკომ საკითხის კომენტირებისას.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ სააკაშვილთან ურთიერთობებში მისთვის არაფერი შეცვლილა და უკრაინაში ყოფნის პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი ხშირი სტუმარი იყო.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ვნახოთ როგორ მუშაობს ნაქები ამერიკული სასამართლო
შემდეგი სტატიამოგერინიმ თურქეთზე პოზიტიურად ისაუბრა