სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ – თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე – ლილუაშვილი

ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ – თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნით, რეალური პრობლემები გადაიფარება, რაც „ქართულ ოცნებას” აწყობს.

„ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ცოტა შეუთავსებელია და „ნაციონალური მოძრაობის” თანმიმდევრულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან მათ კომისიის შექმნის არგუმენტად გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა მოჰყავთ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მათ შორის, სააკაშვილსაც, მაგრამ ეს არათანმიმდევრული და შეუთავსებელი არგუმენტია. არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ სააკაშვილის ირგვლივ პროცესებით გადაფაროს რეალური დღის წესრიგი, პირველ რიგში, ეს ხელს აძლევს „ოცნებას“. მათ გაუხარდებათ ამ კომისიის შექმნა, რადგან ამის ირგვლივ მოხდება მთელი მედია რესურსის შეკრება და აბსოლუტურად გადაიფარება ჩვენი მოქალაქეების რეალური პრობლემები. ამიტომ, თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე, მგონი თქვა კიდეც, მე სიამოვნებით მოვუწერდი ხელსო,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი დაბომბეს – 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა