“სააკაშვილის ფსიქოლოგიური განწყობა არის ძალიან მძიმე, ტრავმა აქვს გადატანილი, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს, რათა როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე”

გუშინწინდელთან შედარებით, კიდევ ერთი კილო აქვს დაკლებული, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ასე უნდა იყოს, არ ვიცი, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი ფერმკრთალია და სუსტად არის.

„სისუსტე აქვს აშკარად, მაგრამ მთავარი არის, მისი ეს ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე მაინც, ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი ადამიანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რაში გამოიხატება მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაზეც მისი უკრაინელი ადვოკატიც საუბრობს.

„ეს არის ძალიან თვალშისაცემი და იმიტომ ილაპარაკა ალბათ ადვოკატმაც. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის, ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით რით? გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამე გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, მან უპასუხა მედიის შეკითხვას, განაწყენებული არიან თუ არა ოჯახის წევრები ოპოზიციაზე და ვინ გააკეთა ეს განცხადება. „მე არ ვიცი, ოპოზიციაშია თუ ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ მოვისმინე ეს აზრი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ადვოკატი: სააკაშვილი, რომელიც ბოლოს ვნახე უკრაინაში, და ეს, რომელსაც მე შევხვდი დღეს, ფიზიკურად ერთი და იგივე ადამიანია, თუმცა მორალურად სხვადასხვა ადამიანები არიან
შემდეგი სტატია“თაიმერი” – მარტვილის სოფელ ლედგებეში გაკვეთილზე ჭერი ჩამოინგრა