სააკაშვილის მიმართვა სამხედროებს – ივანიშვილს სჭირდება განადგურებული საქართველო

“თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით, მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ საქართველოს ჯარი არ სჭირდება” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ჯარიდან საუკეთესო ოფიცრები გააქცია.

“თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ გვჭირდება საქართველოს. თქვენ გახსოვთ, რომ მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს, იმისთვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. სამაგიეროდ, ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ჩვენ შეიარაღებულ ჯარებს არ წყდება. ბინები, მივლინებები, მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებით. საუკეთესო ოფიცრები, ბევრი მათგანი გააქციეს ჯარიდან და დანარჩენებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი სიტუაცია ქართველი კაცის სულთან”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედრო მოსამსახურეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

“ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა. მეგობრებო, თქვენ გარდა ყველაფრისა, ხართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების, რომელმაც გასულ წელს მოიპარა ოქტომბრის არჩევნები, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით, მუქარებით და ქრთამებით, ინარჩუნებს კაბინეტებს.

საქართველო არის გადასარჩენი და მე მოგმართავთ თქვენ, როგორც ჩვენ საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ, რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის. ასევე ხელშეკრულების აღდგენისთვის, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი და იმისთვის, რომ ისინი დავაბრუნოთ სამართლებრივ ველში. საქართველოს ახლა სჭირდება შველა”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – როგორც ჩანს, ზოგს ნარკოტესტის ჩაბარება შეეშინდა