სააკაშვილის მიერ დაწყებულ პროცესს ვერ შეაჩერებენ

მიხეილ სააკაშვილი

5 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოროშენკოს ხელისუფლებას საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, უკრაინაში სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის პარალელურად, ამ ხელისუფლებას დასავლეთის მთელმა რიგმა გავლენიანმა ინსტიტუტებმა, მედიამ და გავლენიანმა ოფიციალურმა პირებმაც შეუტიეს. ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები კი – ,,უკრაინსკაია პრავდას,, ცნობით, უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას ითხოვდნენ.

მიხეილ სააკაშვილი

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ესოდენ გულისწყრომა, სააკაშვილის დაკავების გადაწყვეტილებასთან ერთად, პოროშენკოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანოს ,,უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს,, (НАБУ ) დახურვის მცდელობას მოყვა. რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პოროშენკომ რადას დაავალა შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც НАБУ-ს ნებისმიერი წევრის დათხოვნას უზრუნველყოფდა პარლამენტის უმრავლესობის მიერ, რითაც ფაქტობრივად კლავდა ამ ორგანოს. უკრაინის პროკურორმა იური ლუცენკომ კი, НАБУ-ს ხელმძღვანელი არტიომ სიტნიკი, ამერიკული გამოძიების ბიუროსთან (FBI) ერთობლივი გამოძიების წარმოების გამო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან უკანონო კავშირში დაადანაშაულა. ამ ფაქტებმა, რომელსაც სააკაშვილის დაკავების მცდელობაც დაემატა, პოროშენკოს მხარდაჭერა დასავლეთში ფაქტიურად ნულს გაუტოლა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ პოროშენკოს ბოლო ნაბიჯებს მოწონებით არ ხვდებოდნენ, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს მთავარი ექსპერტის, რუსეთის,უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ანდერს ოსლუნდის  განცხადებაც მოჰყვა, სადაც მან უკრაინის მთავრობის მთავარ პრობლემად, НАБУ-ს დახურვისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სააკაშვილის დაპატიმრების სურვილი დაასახელა.

,,ამ დროისთვის, უკრაინის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება, უკრაინის პროკურატურა და აშკარაა რომ პრეზიდენტიც, ცდილობენ ,,გაწმინდონ,, НАБУ. არტიომ სიტკინი ვაშინგტონიდან გამოიძახეს კიევში, რათა რადას მისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა. ისინი ცდილობენ თავიდან მოიშორონ უკრაინაში ერთადერთი ანტიკორუფციული ინსტიტუტი, რომელიც რეალურად ებრძვის კორუფციას. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემას,  მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ დადასტურებულია უკრაინის ხელისუფლების მზადყოფნა, ძალა გამოიყენოს კორუფციასთან მებრძოლების წინააღმდეგ.,, განაცხადა ოსლუნდმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხების მოუგვარებლობა, უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვად დაუჯდებოდა.

სააკაშვილის სახლიდან აყვანის მცდელობას, რომელიც ფაქტობრივად მის გატაცებას უფრო ჰგავდა, დასავლური მედიის მასირებული შტურმი მოჰყვა პოროშენკოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც დამოუკიდებელმა უკრაინულმა მედიამ და ცნობილმა ჟურნალისტებმაც აუბეს მხარი. ცნობილმა უკრაინელმა პოლიტტექნოლოგმა, სერგეი გაიდაიმ (რომელიც სააკაშვილს პოროშენკოს გუნდში ჰყოფნის დროს ხშირად აკრიტიკებდა), 6 დეკემბერს  UKRLIFE.TV-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში  კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომელსაც კორუმპირებული და მოღალატური უწოდა… ,,ეს არის სამყარო ათასი კამერით, სადაც ტყუილების თქმა არ შეიძლება… ეს ტყუილები უშედეგოა და თქვენთვის ცუდად დამთავრდება,, მიმართა პოლიტოლოგმა საკუთარ ხელისუფლებას. ამასთანავე, გაიდაიმ სააკაშვილის დაპატიმრებისა და მხარდამჭერების მიერ მისი განთავისუფლების დღეს, შეუქცევადი პროცესების დაწყებისა და ,,უკრაინის სახელმწიფოსათვის განმსაზღვრელი დღე,, უწოდა.

ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების მიმართ განხორციელებულმა შეტევებმა დასავლეთიდან,    შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლების ბოლო დღეების ქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტირება უკვე შეიტანა… ამას კი, სხვა ყველაფერთან ერთად, 6 დეკემბერს საღამოს, უკრაინის შსს მინისტრის არსენ ავაკოვის, ექსპრემიერ არსენი იაცენიუკისა და მათი პარტიის ( ,,სახალხო ფრონტის,,) სხვა ხელმძღვანელების აშშ-ს ელჩთან, მარი იოვანოვიჩთან შეხვედრამაც შეუწყო ხელი.  ამ შეხვედრის შემდეგ, НАБУ-ს დახურვაზე საუბარი და ამასთან დაკავშირებით 7 დეკემბერს კანონპროექტის პარლამენტში განხილვაზე, ხელისუფლებიდან სიტყვაც არავის დაუძრავს… რაც შეეხება სააკაშვილის დაკავების საკითხს, 5 და 6 დეკემბერს სააკაშვილის ძალისმიერი გზით დაპატიმრებისა და მის მიმართ მუქარის ტონით მოსაუბრე გენერალური პროკურორი იური ლუცენკო, უკვე 7 დეკემბერს ფაქტიურად შეეხვეწა სააკაშვილს, რომ ის თავისით მისულიყო საგამოძიებო ორგანოში ოფიციალური საბუთების გასაცნობად. ამასთანავე, 6 დეკემბრის შემდეგ უკრაინის სამართალდამცავებს არ ჰქონიათ სააკაშვილის მხარდამჭერებზე შეტევის განხორციელების მცდელობაც კი.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გააგრძელებს თავის სტილში მოღვაწეობას, თუმცა არც სააკაშვილი და უკრაინული ოპოზიცია აპირებს გაჩერებას… ბოლო საათებში უკრაინიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დარია კალენიუკმა განაცხადა, რომ ის აპირებს ინიციატივით ჩავიდეს სტრასბურგში, რათა უკრაინის პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს, გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს, ექსპრემიერ არსენ იაცენიუკის, შსს მინისტ არსენ ავაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების, რომლებიც НАБУ-ს მოკვლას აპირებენ, ფინანსური აქტივების შემოწმების დაწყება მოითხოვოს… ,, მე ველოდები ზემოხსენებული პირებიდან ახალ ზღაპრებს, რომ მეც იანუკოვიჩი და პირადად პუტინი მაფინანსებენ,,  აცხადებს კალენიუკი.

უკრაინასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ყველა ფაქტი აშკარად მომწმობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რომლის ინიციატორი – მიხეილ სააკაშვილია. აშკარაა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოექცევა უკრაინის ხელისუფლება თავად მიხეილ სააკაშვილს, მის მიერ დაწყებულ  პროცესს ვერ შეაჩერებენ. ყველანაირი გათვლებით, პროცესის დასასრული, უკრაინის ხელისუფლების თვისობრივი და ძირეული ცვლილება გახდება.

 

კახაბერ ადამია
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური 

 

banner
წინა სტატიაშიათენში ჩასულმა ერდოღანმა ისტორიული მიმართვა გააკეთა
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა