მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ჯანმრთელობას მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმი, ექიმებისგან დაკომპლექტებული კონსილიუმი, რომელიც წინა სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა. აგვისტოში ბოლო ვიზიტი განახორციელა კონსილიუმმა, დასკვნაში არაფერია ნათქვამი სააკაშვილის მდგომარეობის ფატალურთან მიახლოების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.
იოსელიანის თქმით, ასეთი რამ თუ იქნებოდა, კონსილიუმი ამის შესახებ ისაუბრებდა.
„აგვისტოს შემდეგ რამდენჯერმე მოინახულეს ბატონი მიხეილი ჩემმა მოადგილეებმა და ჩვენ მასთან გვაქვს კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, როდის მივიდეს კონსილიუმი, როდის მოინახულოს. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველის აპარატსა და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს შორის, აპარატსა და თვითონ მას შორის ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. როდესაც ის საჭიროდ მიიჩნევს მის მონახულებას, ჩვენი წარმომადგენლები მიდიან და შესაბამისად შედის კონსილიუმი. პარალელურად, ჩვენ პერიოდულად ვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ამ დოკუმენტაციას ვიღებთ „ვივამედიდან“ და შემდეგ ვუგზავნით კონსილიუმს შეფასებისთვის. ეს პროცესიც მიმდინარეობს უწყვეტად და შესაბამისად, შემდეგ ვაცნობთ საზოგადოებას შედეგებს, რომელსაც კონსილიუმი პერიოდულად აქვეყნებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.