“სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინამ უნდა მიღოს გადაწყვეტილება” – წულუკიანი

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და გავლენას ამ მიმართულებით საქართველო ვერ მოახდენს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით, ექსტრადირებაზე მოთხოვნა ქართულ მხარეს გაგზავნილი აქვს და უკრაინის მხრიდან ქმედებებს ელოდება.

„ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მომიძიებია, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანი არის ის, რომ გაგზავნილია მოთხოვნა და რომ დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები და მითუმეტეს სხვა სახელმწიფოები რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენენ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბარების მიზეზად სისხლის სამართლის საქმე სახელდება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება სააკაშვილს დანაშაულებრივი ორგანიზაციების საქმიანობის დაფარვას ედავება.

banner
წინა სტატიაშიკითხვები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, გამოძიების საკითხია” – თეა წულუკიანი პანკისის სპეცოპერაციაზე
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავას ცემის საქმეზე ერთი პირი დააკავეს