“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის ნარატივს იმეორებს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან და რამდენიმე თვეში ენმ-ს წევრებმა შემოაბრუნეს.
“სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი, ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ, მაგალითად, როგორ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები, ეს გააკეთა სააკაშვილმა, სხვას არავის გაუკეთებია, მეორე, მათ დაარქვეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ესეც გააკეთა სააკაშვილმა, სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში, მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე, ესეც გააკეთა სააკაშვილმა და დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იმ წლის დასაწყისში კონკრეტულ ამომრჩეველს ჰპირდებოდა სააკაშვილი იმას, რომ ერთ წელიწადში ისინი შეხვდებოდნენ საკუთარ სახლებში, ეს ავანტიურისტული ქმედებები საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა”, – თქვა კობახიძემ.
მან ისევ გაიმეორა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას “ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა, იქ კი წერია, რომ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.
“თვითონ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი, სააკაშვილმა თქვა ეს. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი, პირდაპირ თქვა, არა მარტო საქართველომ დაიწყო ომიო, სალომე ზურაბიშვილის მიერაა ნათქვამი, რაც ძალიან ცუდი ნათქვამი იყო, მაგრამ ნუ მან თქვა, ასევე თქვა, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა თავს ქართული ჯარი. თქვენ ეს კითხვები დაუსვით თქვენ პარტნიორებს, ანუ სალომე ზურაბიშვილს და ნაცმოძრაობას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი, ნაცმოძრაობამ”, – თქვა კობახიძემ.