სააკაშვილის ადვოკატი – პროკურორები ხელის შემშლელის როლში იყვნენ წარმოდგენილი

დღევანდელი პროცესი ნამდვილად იყო ისტორიული, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამ ისტორიულ პროცესში საკმაოდ მკაფიოდ არის ზღვარი გავლებული და ძალიან მარტივია სწორი და არასწორი მხარის გარჩევა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა შეძლო.

„მნიშვნელოვანი იყო ერთადერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის მიემართა. ცხადია, არ აღვიქვამთ სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელ ორგანოს, რომელმაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, არ გვაქვს ილუზია, რომ სასამართლო სხდომებზე ჩვენი პოზიციისა და არგუმენტების შედეგად გადაწყვეტილების მიღება მოხდება. ბუნებრივია, ეს არის ფარსი იმ თვალსაზრისით, რომ მხარეები წინასწარ ვთვალთმაქცობთ, თითქოს და რეალურ პროცესში ვმონაწილეობთ. ყველას თავისი როლი გააჩნია ამ პროცესებში. მაგალითად, დღეს, პროკურორები ხელის შემშლელის როლში იყვნენ წარმოდგენილი. მათი ძირითადი დანიშნულება იყო, რომ შესაბამისი მესიჯის მიღების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა შეეწყვიტათ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე მოგვიწევს გაგრძელება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიეცა საშუალება მიემართა ქართველი ხალხისთვის და წარმდგარიყო ისტორიული სიტყვით“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაბასილაია: დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფურცელი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი