სააკაშვილის ადვოკატი – ფაქტობრივად, მოსამართლემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხებაო

მე გადაწყვეტილება მივიღე, მეტი რა გავაკეთო, ოთხნი ხართ, წადით და მაშინ, ძალით მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა, მეტი არაფერი არ შემიძლიაო, – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ასეთი პასუხი მიიღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილისგან, იმ ფაქტზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა არ შეასრულა.

დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, მოსამართლეს, სულ მცირე, ის ბერკეტი ჰქონდა, რომ ეღიარებინა პენიტენციური სამსახურის ქმედების უკანონობა, თუმცა როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განმარტა, ამ განცხადებით მოსამართლემ ის მაინც აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას რეალურად ის არ იღებს.

„სასამართლოსა და პროკურორების ერთადერთი ამოცანა დღევანდელ სხდომაზე იყო ის, რომ როგორმე დაეხშოთ ამ პროცესის საქვეყნოობა და არ დაეშვათ პირდაპირ ეთერში სიგნალის გადაცემა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, რაც პრინციპში ლოგიკურია, ვინაიდან იმდენად სამარცხვინოდ განვითარდება მოვლენები სხდომის დარბაზში, რომ, ბუნებრივია, მათ არ უნდა ჰქონოდათ სურვილი საზოგადოებას ენახა ეს უკანონობა საკუთარი თვალით.

მოგეხსენებათ, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყეტილება, რომლის საფუძველზეც, პენიტენციურ სამსახურს უნდა მოეყვანა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში. კანონმდებლობის თანახმად, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს უფლება უარი თქვას პირის მოყვანაზე იმ საფუძვლით, რა საფუძველიც დაასახელა ნიკა ცხვარაშვილმა. ეს არის პენიტენციური სამსახურის უკანონო გადაწყვეტილება. ჩვენ მოსამართლეს ვეკითხებით, რა რეაგირება აქვს იმაზე, რომ არ შეასრულეს მისი გადაწყვეტილება, რაზეც მოსამართლის პასუხი იყო, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე, მეტი რა გავაკეთო, ოთხნი ხართ წადით და მაშინ, ძალით მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა, მეტი არაფერი არ შემიძლიაო. ფაქტობრივად, მოსამართლემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს არ მეკითხება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებითო. ეს ხომ ისედაც ვიცით, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ისევე როგორც იმ პროკურორებს არავინ არაფერს ეკითხება და არც ნიკა ცხვარაშვილს არავინ არაფერს ეკითხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კარგად ვიცით, რომ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები ბიძინა ივანიშვილიც კი არ არის, ვლადიმერ პუტინი იღებს პირდაპირ გადაწყვეტილებებს და ვინ შეეკითხება ბადრი კოჭლამაზაშვილს. უბრალოდ, მნიშვნელოვანი იყო, რომ მისგან მივიღეთ აღიარება. რეალურად ცხადია, რომ აქვს ბერკეტი – მინიმუმ, ის მაინც გაებედა, რომ დაედასტურებინა ცალსახად, რომ უკანონო იყო პენიტენციური სამსახურის უარი, მაგრამ ესეც ვერ გაბედა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან მოსამართლე, რომელიც თავისი გადაწყვეტილების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, ვერ გააგრძელებს ამ საქმის განხილვას.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი: დეპუტატების მიერ დაწყებული შიმშილობის მიზანი ბუნდოვანია
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციასთან მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ