“ნულოვანი თანაგრძნობა ოპოზიციისადმი, გადაიზარდა ნულოვან თანაგრძნობაში დაავადებულ უმწეო ბავშვების მიმართ. ესენი აუცილებლად გამოიწვევენ ძალიან დიდ აფეთქებას და ყველაფრის ღირსი იქნებიან”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ინფორმაციისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. ისინი უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიკამენტს ითხოვენ.
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს. საკანონმდებლო ორგანოში ის საპარლამენტო უმცირესობის – „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დაიბარეს.
სარჯველაძემ თითოეული მედიკამენტის შესახებ ცალ-ცალკე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, ამ მედიკამენტების გამოყენებისას შესაძლოა წარმოიქმნას.
“იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას”,_ განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის განცხადებას გამოეხმაურნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, მათი განცხადებით, სარჯველაძემ ბავშვებს ხაზი გადაუსვა.
















