სააკაშვილი – უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, სულ მცირე ორჯერ ვთქვი უარი პრემიერ-მინისტრობაზე, გვერდზე გავწიე ფუფუნება, პატივისცემა, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ეს ყველაფერი გვერდზე გადადოს

ყველაფერი გვერდზე გავწიე, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ეს ყველაფერი გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი პრაქტიკულად არის ძალიან დაბალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში ყოფნისას ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა.

„თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს. ჩემი მომზადებული რამდენიმე კანონი მიიღო პარლამენტმა, ეს არის მაგალითად კანონი „მიწის საკუთრების შესახებ“, კანონთა მთელი კრებული აქვს სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, რადგან ამ სფეროში ძალიან დიდი კორუფციაა, ელექტროენერგიის შესახებ და ახლა, წასვლის წინ დავუტოვე სწორედ უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში გვქონდა და ამ მთავრობამ გააუქმა. ასევე დავუტოვე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი.

უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, მაგალითად, „იფსოსის“ გამოკითხვით ვიყავი მთავარი, პირველ ადგილზე, ვის ყოფნას ისურვებდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრად, უფრო მეტიც, სულ მცირე ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, „რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ყოფილა ისე კარგად, როგორც უკრაინაში“.

„სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს. ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი, შეიძლებოდა, გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით ამასწინათ, არის მინიმალური. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებულზე, ეს ყველაფერი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში გაურკვეველი პრეპარატით იმუნიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასაკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას – მიხელ სააკაშვილი მასწავლებლების წერილებსა და გელა ჩარკვიანზე