სააკაშვილი: საფრანგეთის სანაპიროზე ვილას მყიდულობდნენ, მე ვუთხარი, რომ ბიბლიოთეკა მჭირდება

მეგობარმა ბიზნესმენებმა შემომთავაზეს, ჩემთვის სახლი ეყიდათ საფრანგეთში, მათ ვუთხარი, რომ მჭირდებოდა არა ვილა, არამედ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ „მთავარ არხზე“ განაცხადა. სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე მისი პირადი შტაბის გახსნის შესახებ ისაუბრა.

„ვიღაც ადამიანებმა თქვეს, „ვაიმე, რა ცუდია, ბიბლიოთეკაში პოლიტიკური შტაბის გახსნა“. ეს თქვეს ადამიანებმა, რომლებსაც ქუდი რომ შეუგდო არ შევლენ, არასოდეს ყოფილან და წარმოდგენა არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა დგას თბილისის ცენტრში. ეს ბიბლიოთეკა არის ჩემი ფილოსოფიის გამოხატულება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ივანიშვილის ფილოსოფიისგან. ივანიშვილის მილიარდერია, მე რა თქმა უნდა მილიონებიც არ მაქვს. როდესაც საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებდი და შემომთავაზეს, რომ ჩემთვის სადმე სახლი ეყიდათ უცხოეთში, კონკრეტული შემოთავაზება იყო საფრანგეთში, სამხრეთ სანაპიროზე, მე ვუთხარი ჩემს მეგობრებს, ბიზნესმენებს, უცხოელ ბიზნესმენებზეა საუბარი, რომ მე არ მჭირდებოდა არანაირი ძვირი ვილა არსად.

ამდენი ხანია, იგონებენ ხან რას ხან რას, მაგრამ რაც არ არის, ვერც იპოვიან. ვთქვი, მე მჭირდება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც მოემსახურება არა სააკაშვილსა და მის ოჯახს, არამედ მოემსახურება ქართველ სტუდენტებს, სადაც იქნება წიგნები ძირითადად პოლიტიკურ მეცნიერებებზე. ეს არის იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობა გაიზარდოს საქართველოს აღმშენებლობის სულისკვეთებით. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ჩვენი სახლები, ჩვენი ქუჩები, ჩვენი სამეზობლოები, ჩვენი ბიბლიოთეკები გადაიქცეს ჩვენი გადარჩენის შტაბებად, რადგან აქ აღარ არის საუბარი ვიღაცის პირად პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, არის ის, რომ ყველა ჩვენგანი ბრძოლაში ჩავერთოთ. პასიურობას არ გვაპატიებენ მომავალი თაობები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ყველა ვინც იქცევა წულუკიანივით არის უკიდურესად მახინჯი