სააკაშვილი, როგორც თევზი წყალში, კრიზისში ისე გრძნობს თავს – გია ხუხაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში გადასვლის ფაქტზე, ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სერიოზული მოვლენები განვითარდა.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილს „კრიზისულ ლიდერსაც” უწოდებს.

„ეს უკვე აღარ არის სააკაშვილის ისტორია, ეს არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განვითარებული სერიოზული მოვლენები. სააკაშვილი ახლა გახდა კატალიზატორი შიდა უკრაინული კრიზისის და მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ერთ-ერთი ძლიერი კრიზისული ლიდერი. როგორც თევზი წყალში, კრიზისში ისე გრძნობს თავს,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოტყუება შეძლო და სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პრობლემის მოგვარებას, ყველა გზით ცდილობს.

„ის შეეცადა, რომ ამ პრობლემის ეპიცენტრი გადმოესროლა საქართველოსკენ. როგორც იტყვიან, პოროშენკომ გაიჩალიჩა თვითონ და რისკი იმისა, რომ ჩვენთვისაც შეექმნა პრობლემები მთელ ამ ისტორიას, ძალიან მაღალი იყო. რაში სჭირდებოდა ჩვენს ხელისუფლებას ამ სისულელეში თავის შეყოფა, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. მე იმედი მაქვს, რომ ეს მინისტრის „ვიკილიქსით“ დასრულდება და ამის იქით არ წავა ეს ისტორია,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს შეცდომები კარგად გამოიყენა.

„მან გუშინდელი ქმედებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის რეგიონში არის ყველაზე აქტიური და ერთ-ერთი ცნობადი ფიგურა. შეიძლება სააკაშვილის ფენომენი მოგწონდეს ადამიანს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ის, რომ ეს ადამიანი პოლიტიკური ფენომენია, ამის უარყოფა შეუძლებელია,“ – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაუკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დარღვევასა და გადაცდომას