“როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებულ პატიმრობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოქრუაშილის მაგალითი აჩვენებს, რომ “ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს”.
“ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან კავშირით ძალიან დააზარალა ჩვენი ინსტიტუტები, ხოლო ქოცებს საერთოდ ყველაფერი გაუკეთა, მისცა ჩემზე ყველანაირი ჩვენება და სწორედ ამ ჩვენებებით ვარ გასამართლებული.
თუმცა როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში.
მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სწორად მოიქცა ბოროტების კომისიასთან, რომ არ ითანამშრომლა.
ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ირაკლის მიმართ და ვუსურვო ამ პატიმრობიდან გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნება,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.
















