25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

სააკაშვილი: როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას

როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი – გვჭირდება შიდა თუხთუხი!, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არის კიდევ „რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული”.

“როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას? ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? მთელი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო” არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. “ახალი”, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ჩამოსართმევად. მიზანი შესრულდა, მას შემდეგ, რაც გილაურებმა პატრონის დავალება შეასრულეს, თან დაფინანსება შეაჩერეს და ვუყურებ, რომ “ახალი” ახლა გაჭედილია. ამათ გარდა არის რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, სხვადასხვა კატეგორიაში გადანაწილებული”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჯერ ვერ პასუხობს გამარჯვების კრიტერიუმებს.

“დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს? ჯერჯერობით არა….რანაირად უნდა დაამარცხო დიქტატურა, როცა პარტიები თავს იმით იწონებენ, რომ დიქტატურამ მათ უფრო მეტი პროცენტი დაუწერა, ვიდრე “კონკურენტ ოპოზიციას” გაყალბებულ არჩევნებში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დიქტატურა ადგას საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება „მხოლოდ შიდა თუხთუხი“.

„რუსეთი იწვის, ნახეთ მოსკოვში როგორ აფრინდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახურავი. ზუსტად ასე ხუფივით არის მომჯდარი ეს რეჟიმი საქართველოს. ზუსტად ასე ადგას ივანიშვილის სასახლე თბილისს, ისევე, როგორც ეს დიქტატურა ადგას საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება მხოლოდ შიდა თუხთუხი. თუ დააკვირდებით, როგორც ამ სახურავმა (მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის) ვერ გაუძლო წნევას და მოძვრა. არის თუ საზოგადოების თუხთუხი საკმარის დონეზე? ეს თუხთუხი არ არის ზოგადი წნევა, ეს არის თუხთუხი უსამართლობაზე, საქართველოს ღირსების დაკნინებაზე, კორუფციაზე, სიღარიბეზე… ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვშლით და მინდა დარბაზს ვკითხო, ეს დუღილის ტემპერატურა, ეს სიტუაცია გაკმაყოფილებთ? – ალბათ, არა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქსტატი“: ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37 700 რუსეთის მოქალაქეა
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ